საქართველოს პარლამენტი

საგანელიძე: ჩვენი ლიდერი ყოველთვის ამბობდა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებს 130 ხმით მივიღებდით

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი დავით საგანელიძე საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას გამოეხმაურა. მისი თქმით, ივანიშვილი ყოველთვის ამბობდა, რომ ცვლილებას 130 ხმით მივიღებდით და ასეც მოხდა, პროცედურული დეტალები კი მისთვის მნიშვნელოვანი არ არის.

"ეს გადაწყვეტილება იყო ის, რაც ჩვენს საზოგადოებას, ჩვენს ქვეყანას სჭირდება, დანარჩენს, ახირება იქნება ეს თუ კაპრიზი, არ უნდა მივაქციოთ ყურადღება და, საბოლოო ჯამში, ორიენტირი უნდა გაკეთდეს შედეგზე. შედეგი არის ის, რომ ქვეყანა წავიდა წინ. დანარჩენი, ეს იქნება სარეიტინგო კენჭისყრა, თუ სხვა რამ, ეს ჩემთვის მეორეხარისხოვანია. არსებობს პრინციპები, რომელიც უნდა შეცვალო, მაგრამ არსებობს პრინციპები, რომელიც არ უნდა დათმო სასიკეთო გადაწყვეტილების მისაღებად", - განუცხადა საგანელიძემ სააგენტო ინტერპრესნიუსს.

პრემიერმა ივანიშვილმა რამდენჯერმე აღნიშნა, რომ ქართულ ოცნებას კონსტიტუციური ცვლილებებისთვის საჭირო ხმათა რაოდენობა ჰქონდა. თუმცა ოფიციალურ კენჭისყრამდე ჩატარებული სარეიტინგო კენჭისყრისას გამოჩნდა, რომ ეს ასე არ არის. კონსტიტუციური ცვლილებების პროექტმა მხოლოდ 93 ხმა მოაგროვა. ცვლილების მისაღებად 100 ხმა იყო საჭირო.

საქართველოს პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებები პირველი მოსმენით, 135-ით 0-ის წინააღმდეგ დაამტკიცა

კომენტარები