საქართველოს პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებები პირველი მოსმენით დაამტკიცა. კენჭისყრის შედეგად კონსტიტუციაში ცვლილების შეტანას მხარი 135-მა პარლამენტარმა დაუჭირა, წინააღმდეგ ხმა არავის მიუცია.
პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა კენჭისყრამდე სარეიტინგო კენჭისყრა დანიშნა. სარეიტინგო კენჭისყრისას ცვლილებებმა 93 ხმა მოაგროვა. ცხადი გახდა, რომ ნაციონალური მოძრაობის მხარდაჭერის გარეშე, საკონსტიტუციო ცვლილებების მისაღებად საჭირო 100 ხმა არ გროვდებოდა.
სარეიტინგო კენჭისყრის დანიშვნა პარლამენტის თავმჯდომარის პრეროგატივაა.
საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვისას უმცირესობის წევრები ხაზს უსვამდნენ, რომ თავად ცვლილებები მნიშვნელოვანი არ არის, რადგან ისინი ძალაში ოქტომბერში მაინც შევა, მანამდე კი პოლიტიკური კრიზისის საფრთხე არ არსებობს. ნაციონალური მოძრაობის წევრები ხაზს უსვამდნენ, რომ სარეიტინგო კენჭისყრის დანიშვნა ხელს შეუწყობდა უმრავლესობისა და უმცირესობის თანამშრობლობის განმტკიცებას, აჩვენებდა, რომ უმცირესობა მნიშვნელოვანია პარლამენტში, მათზე ზეწოლა არ უნდა მიმდინარეობდეს და ქვეყანაში პოლიტიკური დაძაბულობის მოხსნას შეუწყობდა ხელს.
თავის მხრივ, უმრავლესობა უარს აცხადებდა სარეიტინგო კენჭისყრის აუცილებლობაზე და ცდილობდა ნაციონალური მოძრაობა დაერწმუნებინა, რომ მათ თავიანთი შეხედულების მიხედვით უნდა მიეცათ ხმა და არანაირ ზეწოლას ადგილი არ ჰქონდა.
პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა 20 მარტს განაცხადა, რომ სარეიტინგო კენჭისყრის ჩატარების აუცილებლობა არ არსებობდა, რადგან ისედაც ცხადი იყო, რომ ნაციონალური მოძრაობის მხარდაჭერის გარეშე კონსტიტუციაში ცვლილებები ვერ შევიდოდა. თუმცა მაშინ მან აღნიშნა, რომ ამ საკითხზე მსჯელობა გაიმართებოდა.
სარეიტინგო კენჭისყრაზე კომენტარი გააკეთა პრემიერმინისტრმა ბიძინა ივანიშვილმაც. მისი თქმით, ნაციონალური მოძრაობის წევრების გადასაწყვეტია მისცემენ თუ არა ხმას კონსტიტუციურ ცვლილებებს და სარეიტინგო კენჭისყრის აუცილებლობა არ არსებობდა. „თუ უნდათ ხმა მისცენ, თუ არ უნდათ არ მისცენ. თავის პარტიას, თავის სახეს აჩვენებენ ესენი მხოლოდ. არავის არ მოუთხოვია მათთვის ხმები. ისინი ამ ქვეყნის შვილები არიან და მოიქცნენ ისე, როგორც თვლიან. და არ ჭირდება ამას ზედმეტი დარეკლამება”, განაცხადა ივანიშვილმა.
სარეიტინგო კენჭისყრაზე კომენტარი გააკეთა პრეზიდენტმა სააკაშვილმაც. მისი თქმით, კენჭისყრა დასტური იქნებოდა, რომ ნაციონალური მოძრაობა არ გატეხილა. ამ საკითხზე სპეციალური ბრიფინგი გამართა ნაციონალური მოძრაობის გენერალურმა მდივანმა, ვანო მერაბიშვილმაც. მისი თქმით, სარეიტინგო კენჭისყრის დანიშვნით ქართული ოცნება ხალხს დაანახებდა, რომ ოპოზიციასთან თანამშრომლობისთვის მზადაა.





