უზენაესი სასამართლო

კუბლაშვილი: პრემიერი ცდება, როცა აცხადებს, რომ სააკაშვილის იდეოლოგიის მსხვერპლი ვარ

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კოტე კუბლაშვილი ივანიშვილს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ პრემიერი ცდება, როცა აცხადებს, რომ ის მიხეილ სააკაშვილის იდეოლოგიის მსხვერპლია.

"მე მგონი, პრემიერი ცდება, როცა ამას ამბობს, იმიტომ, რომ ვისთანაც არ უნდა გქონდეს ურთიერთობა, როცა ინიშნები ისეთ თანამდებობაზე, რასაც ჰქვია უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, უკვე გაქვს ერთადერთი იდეოლოგია და ეს არის სასამართლოს დემოკრატია და ყველაფრის გაკეთება იმისთვის, სასამართლო იყოს მისაბაძი და ზუსტად ისეთი, როგორიც დასავლეთ ევროპის ქვეყნებში. ჩვენ და პირადად მე 8 წლის განმავლობაში ამისთვის ბევრი გავაკეთე", - განუცხადა კუბლაშვილმა ჟურნალისტებს ბიძინა ივანიშვილის მიერ რამდენიმე დღის წინ გაკეთებულ განცხადებაზე საუბრისას.

კუბლაშვილის განმარტებით, ის, რომ სასამართლო დამოუკიდებელია, ბოლო პერიოდში მიღებული გადაწყვეტილებებით კიდევ უფრო გამოჩნდა.
"ეს ახლა უფრო კარგად ჩანს, როცა სასამართლოს მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებებმა ხელისუფლების რამდენიმე წარმომადგენლის აშკარა უკმაყოფილება გამოიწვია. ესაა მაჩვენებელი იმისა, რომ სასამართლომ დამოუკიდებლად, ჩემგან და პირველ რიგში, ხელისუფლებისგან დამოუკიდებლად მიიღო ესა თუ ის გადაწყვეტილება", - აღნიშნა კუბლაშვილმა. 

შეგახსენებთ, ბიძინა ივანიშვილმა 14 მარტს რეგიონული მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კოტე კუბლაშვილი მიხეილ სააკაშვილის იდეოლოგიის მსხვერპლია. 

კომენტარები