აგრარული უნივერსიტეტი

მარგველაშვილი: არავითარ პოლიტიკურ დევნაზე არ არის ლაპარაკი

12 მარტს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი მარგველაშვილი ტელეკომპანია მეცხრე არხის დილის გადაცემაში სტუმრობისას, აგრარული უნივერსიტეტისთვის ავტორიზაციის გაუქმების საკითხს გამოეხმაურა. მინისტრი აცხადებს, რომ ამ ამბის პოლიტიკური ანგარიშსწორების კონტექსტში განხილვა მიუღებელია.
"არავითარ პოლიტიკურ დევნაზე არ არის ლაპარაკი. ეს არის სახელმწიფოს ნორმალური ფუნქციონირება", – განაცხადა  მარგველაშვილმა. 
განათლების მინისტრის თქმით, დანაშაული იქნებოდა ამ პრობლემებზე ხარისხის მართვის ცენტრს თვალი დაეხუჭა იმის გამო, რომ ის გარკვეულ პირებთანაა დაკავშირებული. როგორც მინისტრი განმარტავს, აგრარული უნივერსიტეტის შემოწმების პროცესი დიდი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა და ადმინისტრაციას ჰქონდა მიცემული ერთთვიანი ვადა, რომ გამოესწორებინა პრობლემა. მიუხედავად ვადისა, მარგველაშვილი ამბობს, რომ უნივერსიტეტმა მხოლოდ პრობლემების ნაწილის გამოსწორება მოახერხა.
განათლების მინისტრმა ისაუბრა იმ პრეტენზიებზეც, რომელიც განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ავტორიზაციის საბჭოს პოლიტიკურ მიკერძოებულობას ეხება. მისი თქმით, საბჭოს იმავე შემადგენლობამ, მაგალითად, საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტს მიანიჭა ავტორიზაცია 2012 წელს. ამ პერიოდში მარგველაშვილი GIPA-ს რექტორი იყო და მიუხედავად მისი "პოლიტიკური პოზიციისა", მინისტრის თქმით, საბჭომ მაშინ მიიღო "მიუკერძოებელი გადაწყვეტილება". ამდენად, საბჭოს მიუკერძოებლობაში მარგველაშვილს ეჭვი არასდროს შეუტანია. 
შეგახსენებთ, რომ ავტორიზაციის საბჭოს შემადგენლობა 8 თებერვლის ბრძანებით პრემიერმინისტრმა ივანიშვილმა დაამტკიცა. 
 მინისტრმა აგრარული მიმართულებით სწავლებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს სფერო სახელმწიფოს პრიორიტეტია. მისი განმარტებით, ამ სფეროს სპეციალობებს, ვეტერინარიასთან ერთად, სახელმწიფო სრულად აფინანსებს. სწორედ ამიტომ, მარგველაშვილი აცხადებს, რომ აგრარული უნივერსიტეტისთვის ავტორიზაციის გაუქმება ემსახურება სტუდენტთა ინტერესესს – მიიღონ უფრო ხარისხიანი განათლება.
"ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობას, რომ სტუდენტების ინტერესი იქნება დაკმაყოფილებული, ბუნებრივია, არა კანონის ხარჯზე", – განაცხადა მარგველაშვილმა და დასძინა, რომ სამინისტრო ეცდება, იზრუნოს თითოეული სტუდენტის ბედზე.

კომენტარები