პრეზიდენტის ადმინისტრაცია პრეზიდენტისა და პრემიერის, ასევე პრემიერისა და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის შეხვედრების შემდეგ გამოკვეთილ ტენდენციებს პოზიტიურად აფასებს.
ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე პრეზიდენტის მრჩეველმა, ნინო კალანდაძემ ისაუბრა:
"ჩვენ უაღრესად დადებითად ვაფასებთ იმ პოზიტიურ სიგნალებსა და ტენდენციებს, რომელიც პრეზიდენტისა და პრემიერმინისტრის შეხვედრის შემდეგ იკვეთება. ვგულისხმობ მზაობას, გაკეთდეს პრეზიდენტისა და პრემიერმინისტრის ერთობლივი განცხადება საგარეო კურსის უცვლელობის თაობაზე. ისევე როგორც უზენაესი თავმჯდომარესა და პრემიერის შეხვედრას".
პრეზიდენტის ადმინისტრაციაში იმედოვნებენ, რომ ივანიშვილის მხრიდან გაკეთებულ განცხადებებს შესაბამისი ქმედითი ნაბიჯები მოჰყვება.
"მოხარულები ვართ, რომ პრემიერმინისტრის მხრიდან პოზიტიური განცხადებები მოვისმინეთ დღეს. იმედს გამოვთქვამთ, რომ ეს განცხადებები არ დარჩება სიტყვებად და პრემიერისა და მთავრობის მხრიდან ამ განცხადებებს ქმედითი ნაბიჯები მოჰყვება. ამ ყოველივეს გათვალისწინებით, ხაზს ვუსვამთ იმ გარემოებას, რომ პრეზიდენტსა და პრემიერმინისტრს შორის შეხვედრები მომავალშიც აუცილებლად უნდა გაგრძელდეს და მივიჩნევთ, რომ დიალოგს ალტერნატივა არ აქვს", - აღნიშნა კალანდაძემ.
მიხეილ სააკაშვილი და ბიძინა ივანიშვილი ერთმანეთს 4 მარტს შეხვდნენ. 6 მარტს კი პრემიერმინისტრი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს, კოტე კუბლაშვილს, შეხვდა.





