საქართველოს პრეზიდენტისა და პრემიერმინისტრის შეხვედრა დღეს, 4 მარტს, სახელმწიფო კანცელარიაში გაიმართება. გავრცელებული ინფორმაციით, უმაღლესი თანამდებობის პირების საუბრის მთავარი თემა საკონსტიტუციო ცვლილებები და ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები იქნება.
კონსტიტუციაში ცვლილებებთან დაკავშირებით საბოლოო პოზიციის მკაფიოდ დაფიქსირებისკენ ივანიშვილმა სააკაშვილს 26 თებერვალს facebook-ის მეშვეობით მოუწოდა. გავრცელებულ მიმართვაში პრემიერმა პრეზიდენტს 2-3 დღის ვადა მისცა.
"გთავაზობთ ბოლო წინადადებას. უახლოეს 2-3 დღეში მკაფიოდ და ცალსახად განაცხადეთ, უარს ამბობთ თუ არა კონსტიტუციურ დიქტატურაზე და უჭერთ თუ არა მხარს პარლამენტის თანხმობის გარეშე მთავრობის შეცვლის აკრძალვას. თქვენი წინმსწრები მკაფიო პასუხი კი იმიტომ არის საჭირო, რომ პოსტფაქტუმ არ დაიწყოთ ლაპარაკი იმაზე, რომ თქვენც მხარს უჭერდით ამ ცვლილებას, ისევე, როგორც დღეს ამტკიცებთ, თითქოს პრემიერის სავარძელში გადაჯდომაზე არც არასოდეს გიოცნებიათ", - ნათქვამია ბიძინა ივანიშვილის მიმართვაში.
პრემიერის წერილზე პრეზიდენტმა ჟურნალისტებთან შეხვედრისას ისაუბრა და მისი გუნდის პირობები კიდევ ერთხელ დაასახელა.
"არავისთვის დასამალი არ არის, რომ ჩვენ ვითხოვთ საშუალო და ქვედა რგოლის პირების დევნის, წამების, დაკითხვებზე დაბარების შეწყვეტას. ასევე ჩვენთვის მნიშვნელოვანია საგარეო პოლიტიკური ორიენტაციის საკითხი და პირადად ჩემთვის პრინციპული მნიშვნელობა აქვს, პარლამენტი იყოს იქ, სადაც ახლაა – ქუთაისში. მზად ვარ, ორშაბათს შევხდე პრემიერმინისტრს და კიდევ ერთხელ ვცადოთ, ამომწურავი საუბარი გვქონდეს მთელ რიგ საკითხებზე, ქვეყანაში არის აშკარად ეკონომიკური სტაგნაცია, უამრავი ადამიანი კარგავს სამუშაო ადგილებს, შეინიშნება პოლიტიკური კრიზისის ნიშნები და არ შეიძლება, ეს არ მაღელვებდეს. ბუნებრივია, არ მინდა, რასაც ამდენი წელი რუდუნებით ვაშენებდი, დაინგრეს. ამიტომ ჩვენ ვართ ძალიან კონსტრუქციულად განწყობილი", - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.
პრეზიდენტისა და პრემიერის შეხვედრასთან დაკავშირებით უმრავლესობისა და უმცირესობის წევრებმაც ისაუბრეს.
თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ განაცხადა, რომ პრეზიდენტმა უნდა გაიაზროს 1-ლი ოქტომბრის შემდეგ წარმოშობილი ახალი რეალობა.
"შეხვედრა კარგია, რომ შედგება. ჩემი აზრით, მართლაც დროა, რომ უმცირესობისა და ოპოზიციის ლიდერმა კარგად გაიაზროს, რა რეალობა დადგა 1-ლი ოქტომბრის შემდეგ და მაქსიმალურად გააკეთოს თავად ყველაფერი, რომ საზოგადოებაში კონსოლიდაცია იყოს და ნორმალური და სტაბილური პოლიტიკური პროცესები წარიმართოს", - აღნიშნა ირაკლი ალასანიამ.
დაგეგმილ შეხვედრას გამოეხმაურა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძეც. ის იმედოვნებს, რომ ამ შეხვედრაზე ზოგიერთი მნიშვნელოვანი საკითხი ქვეყნისთვის სასიკეთოდ გადაწყდება.
დღევანდელ შეხვედრაზე ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა უმცირესობის წევრმა ლევან ბეჟაშვილმაც. პარლამენტარმა აღნიშნა, რომ კეთილი ნების შემთხვევაში, თანხმობის მიღწევის ყველა წინაპირობა არსებობს.





