პრეზიდენტი

სააკაშვილი: ჩვენ ძალიან კონსტრუქციულად ვართ განწყობილები

საქართველოს პრეზიდენტმა კომენტარი გააკეთა დაცვის სამსახურთან დაკავშირებულ საკითხზე, ასევე საკონსტიტუციო ცვლილებებსა და პრემიერთან დაგეგმილ შეხვედრაზე.

სააკაშვილმა თქვა, რომ დაცვის სამსახურთან დაკავშირებით ამ ბოლო დღეებში კიდევ იყო სპეკულაციები და სურს განმარტოს, რაზეა საუბარი. ”ქვეყანაში მიდის ინტენსიური დებატები საკონსტიტუციო ცვლილებებზე. ამ ცვლილებებთან დაკავშირებით სხვადასხვა სახის ზეწოლა მიდიოდა ჩემს თანამებრძოლებზე - ზოგიერთი დეპუტატის შვილი დაიჭირეს და ამის გამო გადაწყვიტა ხმის მიცემა. ზოგიერთს დაემუქრნენ. აბსოლუტური უმრავლესობა არ გატყდა. მერე იფიქრეს, იქნებ რამენაირად მივუდგეთ პრეზიდენტსაცო. იყო ღია შემოთვლები, არა მხოლოდ პარლამენტარების, არამედ დიპლომატების მეშვეობით, რომ მოდით გავცვალოთ სახელმწიფო დაცვის სამსახურის, რეზიდენციის და ასეთი საკითხები საკონსტიტუციო ცვლილებებზე ხმის მიცემაზეო. კონსტიტუცია და ქვეყნის მოწყობა, დემოკრატია - ეს არის მთავარი საკითხები, რაზეც უნდა იდგეს საქართველოს მომავალი. პრეზიდენტები, მთავრობები, პრემიერმინისტრები, პარლამენტარები შეიცვლებიან. ეს უნდა დარჩეს უცვლელი. შეიძლება, ვიღაცისთვის დაცვის საკითხი პირადი კომფორტისა და პრესტიჟის საკითხია, მაგრამ ჩემთვის არ არსებობს არცერთი პირადი საკითხი, რომელიც შეიძლება დადგეს ქვეყნის ინტერესებზე მაღლა, ან მის დონეზე. ამიტომ, აქ იყო ნათელი სიტუაცია, რომ ჩვენ არ ვაპირებთ ამ ვაჭრობაში მონაწილეობას”, - განაცხადა პრეზიდენტმა.

მიხეილ სააკაშვილის თქმით, ასეთი მეთოდებით საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს ვერ დაუჭერენ და ოპონენტები ზეწოლით შედეგს ვერ მიაღწევენ, რადგან პრინციპებს ბოლომდე მიჰყვებიან. ამ საკითხზე კი მხოლოდ მოლაპარაკება წარმოუდგენიათ.

”არ არის დასამალი, რა საკითხებს ვაყენებთ ჩვენ. ეს საკითხები იყო, რომ საშუალო და ქვედა რგოლის პირების დევნა, დაბარებები, წამება, დასჯა იმისთვის, რაც არ ჩაუდენიათ, შეწყდეს. ეს ნამდვილად არ მეხება მე, არც უგულავას, არც მერაბიშვილს, არც მოქმედ პარლამენტარებს. არამედ იმ 25 ათას ადამიანს, რომელსაც მუდმივად იბარებენ, კითხავენ, აშინებენ და ა.შ ეს უნდა შეწყდეს”, - განაცხადა სააკაშვილმა. მისი თქმით, ასევე უმნიშვნელოვანესი საკითხებია საგარეო პოლიტიკური ორიენტაცია, პარლამენტის ქუთაისში დატოვება და ისიც, რომ ”კონსტიტუციას დავანებოთ თავი, კვორუმი ავწიოთ მაღლა, რომ მომავალში არ იყოს ცდუნება მუდმივად ხელების ამოგრეხვის, შანტაჟის...”.

მიხეილ სააკაშვილის თქმით, ის მზადაა პრემიერს შეხვდეს და ამომწურავი საუბარი ჰქონდეს მთელ რიგ საკითხებზე. პრეზიდენტის განცხადებით, ქვეყანაში ეკონომიკური სტაგნაციაა, ადამიანები სამსახურს კარგავენ და პოლიტიკური კრიზისის ნიშნებია, რაც არ შეიძლება არ აღელვებდეთ და მისი ამოცანა ქვეყნის წინსვლაა. ”ყველაფერი დანარჩენი პიროვნული საერთოდ არაფერს არ ნიშნავს. ამიტომ დაველოდოთ. ჩვენ ძალიან კონსტრუქციულად ვართ განწყობილები”, - აცხადებს ის.

 

 

კომენტარები