ქუთაისის მერიის ახალგაზრდობის, სპორტის, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის უფროსს, თემურ ცამციშვილს, პროკურატურამ ბრალი წაუყენა. გამოძიება მას თანხის გაფლანგვას ედავება. ცამციშვილი თავს დამნაშავედ არ ცნობს. მან დაკითხვაზე დუმილის უფლება გამოიყენა.
საგანგებო განცხადება გააკეთა ქუთაისის მერიამ. ქალაქის მერ ბესიკ ბრეგაძის თქმით, მერიის თანამშრომლების მასობრივი დაბარება დაკითხვებზე ადგილობრივი თვითმმართველობის პარალიზებას იწვევს. გუშინ დაკითხვაზე იმყოფებოდა თავად ბრეგაძე. ასევე, გარდა იმისა, რომ დღეს ბრალი წაუყენეს მერიის კულტურის სამსახურის უფროსს, დაკითხვაზეა დაბარებული იმერეთის ვიცე-გუბერნატორიც.




