არქიტექტურა

ჟან ნუველის მომავლის ოფისები

ულამეზესი ნაგებობის – Tore Agbar – კოშკის აგებისთვის ფრანგ არქიტექტორს ჟან ნუველს Pritzker Architecture Prize 2008 წელს მიენიჭა. თანამედროვე ბარსელონის ეს საკულტო კოშკი ხომ ახალი ტექნოლოგიების, ეპოქის და მოდერნული საზოგადოების სიმბოლოა.

არაერთი პრესტიჟული ჯილდოს მიღმა, ჟან ნუველი იმ არქიტექტორთა რიგს განეკუთვნება, რომლებმაც თავიანთი დიდი კვალი უკვე დატოვეს – მის მიერ აშენებული პროექტები მთელ მსოფლიოშია მიმობნეული და მათი უმეტესობა თანამედროვე საზოგადოების მნიშვნელოვან კულტურულ ცენტრებს წარმოადგენს: Cartier-ის ხელოვნების ცენტრი პარიზში, დედოფალ სოფიას მუზეუმის ფლიგელი მადრიდში, ლიონის ოპერა, Quai Brenly მუზეუმი პარიზში და სხვა მრავალი. მიმდინარე პროექტების ნუსხაც შთამბეჭდავია – ლუვრის მუზეუმი აბუდაბიში, ნიუ იორკის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმის რეკონსტრუქცია, ყატარის ნაციონალური მუზეუმი, ფილარმონია პარიზში.

ჟან ნუველი, მიუხედავად იმისა, თუ რა მასშტაბში მუშაობს, არქიტექტურას ქვაში გამოკვეთილ კულტურულ მსოფლიოდ აღიქვამს. მას მიაჩნია, რომ არქიტექტურა სხვა დისციპლინებით უნდა საზრდოობდეს, მისთვის აბსტრაქტული და ფიგურატიული ხელოვნების სინთეზია მნიშვნელოვანი და იმ ჰორიზონტების შექმნა, რომელიც მუდამ იცვლება – არამატერიალურის ზღვარზე დგას. ნუველის ხელწერა პირველ რიგში ფერთან, სინათლესთან და ჩრდილთან, ლანდშაფტთან და გარემოსთან ჰარმონიული მუშაობაა.

ცნობილ არქიტექტორს მილანში, კომპანია Cosmit-ის მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე ვესაუბრეთ. საერთაშორისო დიზაინის გამოფენა Saloni 52, რომელიც უკვე 52 წელია იმართება მილანში, მსოფლიო დიზაინის და არქიტექტურის ცნობილ სახელებს აერთიანებს. წელს ამ გამოფენაზე დიდ პროექტს – „ოფისი ცხოვრებისათვის” – წარადგენს ჟან ნუველი.

„უკანასკნელი წლების განმავლობაში ჩვენ უამრავი ცვლილების მოწმენი გავხდით, თუ როგორ შეიცვალა საცხოვრებელი და სამუშაო სივრცის ბუნება, საოფისე შენობები ურბანული ქსოვილის დიდ ნაწილს წარმოადგენენ და, ამავე დროს, ერთიანი სივრცის სეგრეგაციის მიზეზადაც იქცნენ”, – ამის საპასუხოდ, მილანის გამოფენაზე სპეციალურად გამოყოფილ უზარმაზარ სივრცეში ნუველი ოფისის ახალ კონცეფციებს განიხილავს და მოაწყობს. ეს იქნება კლონირებული სივრცეების უარყოფა, ერთგვარი ცდა, გაერთიანდეს საცხოვრებელი და სამუშაო ადგილსამყოფელი.

ფრანგმა არქიტექტორმა ოფისებისთვის განკუთვნილი შენობა პირველად გასული საუკუნის 80-იანი წლების ბოლოს, სარეკლამო კომპანია CLMBBDO-სთვის დააპროექტა. სამუშაო სივრცისადმი დამოკიდებულება – მობილურობა, ერთგვარი მხიარულება და

სასიამოვნო ატმოსფერო – მან როგორც შენობის გარეთ, ასევე შიგნით გახსნილი გეგმარების გამჭვირვალე ოფისებში აჩვენა.

„30-40 წლის შემდეგ ჩვენ გავოცდებით, თუ რაოდენ მოუხერხებელია დღევანდელი სამუშაო შენობები, გროტესკული კლონები, სტანდარტული, ტოტალიტარული, ყოველგვარი სიამოვნებისგან დაცლილი და საცხოვრებლად არანაირად მომხიბლავი შენობები, რომლებიც მთელ მსოფლიოში ერთმანეთს ჰგავს”, – ამბობს ნუველი.

„პროექტი „ოფისი საცხოვრებლად”, რომელიც გამოფენაზე იქნება წარდგენილი, იქნება ერთგვარი ცდა, ვიპოვოთ ახალი მასალები და ტექნოლოგიები, ეფექტური, კომფორტული, ადამიანზე ორიენტირებული ეკოლოგიურად სუფთა ახალი გარემოს შესაქმნელად. ჩვენ გვჭირდება ისეთი გარემო, რომელიც ჩვენი სახლის ან მშობლიური ქალაქის მსგავსი იქნება – ყველას აქვს უფლება, მცირეოდენი სიამოვნებისთვის შეცვალოს განათება ან გადააადგილოს ავეჯი, ჩვენ ხომ სამსახურში ზუსტად იმდენ დროს ვატარებთ, რამდენსაც სახლში.

ჩვენ შეგვიძლია ვიმუშაოთ და ვმუშაობთ კიდევაც სახლებიდან, ან გადაკეთებული სათავსო შენობებიდან, რადგან გვსიამოვნებს, გვირჩევნია. თუკი მუშაობა გიწევს ცათამბჯენებიდან, უნდა შექმნა ისეთი სივრცე, რომელიც მისაღები იქნება მეორე ადამიანისათვის, მისი შინაგანი სამყაროსთვის”.

გამოფენა/ინსტალაციაზე ნაჩვენები იქნება ურბანულ სეგრეგაციამდე არსებული სამუშაო გარემო, რომელიც არსებობდა მანამ, სანამ დაიწყებოდა ფუნქციონალური კლონირება. ჟან ნუველისათვის თანამედროვეობის ტექნიკური და სოციალური ცვლილებების ინტერპრეტაცია, თავისუფლებისკენ მუდმივი ლტოლვის პოეტურად გამოხატვა არქიტექტორის საქმეა.

ის აპროექტებს უზარმაზარ მონოლითს, რომელიც აღიმართება გამოფენის პავილიონში. მის ოთხ მხარეს ვიდეოპორტალი იქნება დამონტაჟებული, ოთხი ხელოვანი – რეჟისორი, ფილოსოფოსი, მხატვარი და მწერალი – ისაუბრებს ადამიანის და სამუშაო ადგილის შესახებ, რაც თემის შესავალი იქნება.

Saloni 52-ზე ვაპირებთ 5 სხვადასხვა სცენარი-პავილიონი შევთავაზოთ მნახველებს. ეს არის აბსოლუტურად ახალი კონცეფციები სამუშაო სივრცის შესახებ. არის ლოგიკური, ჰუმანური და გათვლილია ადამიანურ მასშტაბზე. მაგალითად, კლასიკური საცხოვრებელი ბინა, რომელიც გადაქცეულია სამუშაო სივრცედ, სადაც ადამიანის პირადი გარემო ჰარმონიულად ეწყობა სამუშაოს მოთხოვნებს.

ყველა სივრცე ტრადიციული წესებისგან თავისუფალი იქნება, რასაც სასიამოვნო სამუშაო გარემოსკენ მივყავართ, ყოველ ადამიანს ინდივიდუალური სივრცის შექმნის საშუალება უნდა ჰქონდეს თავისი შუქისა და ჩრდილის გამოყენებით”.

როგორც შეხვედრის შემდეგ გამოფენის ორგანიზატორებმა გაგვანდეს, ამ პავილიონისთვის ნამუშევრებს (ავეჯს და მცირე კონსტრუქციებს) ჟან ნუველის გმირები და მეგობრებიც შექმნიან: რონ არადი, მიკელე დე ლუკი, მარკ ნიუსონი და ფილიპ სტარკი. ასე რომ, მილანის დიზაინის გამოფენაზე საინტერესო აპრილი გველის.

კომენტარები