პრეზიდენტმა ბრიფინგი გამართა, სადაც ის ჟურნალისტების შეკითხვებს პასუხობდა. ბევრ სხვა საკითხთან ერთად მიხეილ სააკაშვილი ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ რეზოლუციის საკითხს შეეხო და აღნიშნა, რომ მსგავს დოკუმენტებზე ცოტა ხნის წინ ვერც კი ვიოცნებებდით.
"რამდენიმე წლის წინ ასეთ დოკუმენტებზე არც ვიოცნებებდით. ევროკავშირის რადარზეც არ ვიყავით, მაგრამ მივაღწიეთ იმას, რომ წელს, ვილნიუსის სამიტზე ერთი ხელის გაწვდენაზე იყო ის, რომ საქართველოს მიეღო ევროკავშირის პერსპექტივა მოლდოვასთან ერთად. ეს ნიშნავს იმას, რომ მომავალში განვხილულიყავით, როგორც ევროკავშირის პოტენციური წევრები... დღეს იყო დოკუმენტის განხილვა და, როგორც წესი, ასეთი დოკუმენტები ჩვენ გვაწყობს, ჩვენ გვინდა, დიდი აპლოდისმენტებით მიიღება და ითვლება, რომ დიდი წინგადადგმული ნაბიჯია და მოულოდნელად, საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ, როგორც მესმის, უმრავლესობის წარმომადგენლებმა ეს დაბლოკეს. თუ ადრე ჩვენ გვესმოდა პრემიერმინისტრისგან ასეთი ფრაზა, რომ ჩვენ მოვიგერიეთ ევროპის შემოტევა, დღეს ეს გადავიდა პრაქტიკულ განზომილებაში ევროკავშირთან ურთიერთობის, უკვე ბრიუსელში. მე ვიცი, რომ ძალიან ბევრი ჩვენი მოქალაქე იტყვის, რას გვარიგებენ და რა წაიღეს ტვინი ამ ევროპელებმა. ვინ ეკითხებათ მაგათ, ჩვენ ქვეყნის შიგნით რას გავაკეთებთ. რა მაგათი საქმეა, გვინდა დავიჭერთ, გვინდა მოვხსნით, ვცემთ, გვინდა ყურით გამოვათრევთ, გვინდა კომბალს ჩავარტყამთ, გვინდა გავატყავებთ. მაგრამ მე მინდა ყველას შევახსენო - ის, რომ ამ გუმბათზე ხუთჯვრიანი დროშა ფრიალებს, ის, რომ საქართველო დღეს თავისუფალი და დამოუკიდებელია, არის ქართველი ხალხის დიდი გმირობის, ასევე, იმ ევროპელი ლიდერების დამსახურება, რომლებიც სარაკეტო დარტყმების საფრთხის ქვეშ იდგნენ თბილისის ცენტრში. ისინი ჩამოვიდნენ, დადგნენ და გადაარჩინეს საქართველოს დამოუკიდებლობა, როცა რუსული ტანკები იდგნენ თბილისთან. ამიტომ, ეს არ არის აბსტრაქტული კატეგორია, რას იტყვის ევროპა", - განაცხადა პრეზიდენტმა.
მიხეილ სააკაშვილი
მიხეილ სააკაშვილი: ის თუ რას იტყვის ევროპა, აბსტრაქტული კატეგორია არაა





