საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა, ივანიშვილის პრეზიდენტისადმი გაგზავნილ მიმართვასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა.
"ბიძინა ივანიშვილმა, როგორც ეკადრება ქვეყნის პასუხისმგებლიან მმართველს, გააკეთა ძალიან მკაფიო განცხადება, რომ დამთავრდა განსჯის, განხილვის, აწონ-დაწონის დრო და საჭიროა გადაწყვეტილებების მიღება. ამას გნებავთ ულტიმატუმი უწოდეთ, გნებავთ დიდსულოვნება. მან იცოდა, რომ იქნებოდა ხალხი, მსურველები, რომლებიც ასე წაიკითხავდნენ მის განცხადებას, შესაბამისად მისაღებია გადაწყვეტილება და ამ გადაწყვეტილებების მიღებაში კი, ყველა თავისუფალია", - განაცხადა უსუფაშვილმა.
უსუფაშვილის თქმით - "ან ვართ ცივილიზებული ქვეყანა, ან არ ვართ. ყველამ გააკეთოს არჩევანი".
"ორი-სამი დღის განმავლობაში ჩვენ ყველა ერთად ან გავიგებთ იმას, რომ მიხეილ სააკაშვილი თანახმაა, დღესაც იყოს კონსტიტუციური დიქტატურა, თუ არ არის თანახმა", - ამბობს პარლამენტის თავმჯდომარე.
საქართველოს პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი, ქვეყნის პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს მიმართვას უგზავნის. მიმართვაში ივანიშვილი პრეზიდენტს მოუწოდებს, მკაფიოდ განაცხადოს, ''უარს ამბობს თუ არა კონსტიტუციურ დიქტატურაზე'' და უჭერს თუ არა მხარს პარლამენტის თანხმობის გარეშე მთავრობის შეცვლის აკრძალვას.





