მთავარი პროკურატურა

პროკურატურა კოტე კუბლაშვილის განცხადებას ეხმიანება

საქართველოს მთავარი პროკურატურა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, კონსტანტინე კუბლაშვილის განცხადებას ეხმიანება. განცხადების მიხედვით, გამოძიებით დადგინდა, რომ ორ მოსამართლეს, ბესარიონ ალავიძესა და მაია გიგაურს არ ჰქონდათ მიღებული უმაღლესი იურიდიული განათლება და მათი მოსამართლეებად დანიშვნა კონსტიტუციისა და საქართველოს კანონმდებლობის დაღვევა იყო. 

"საქართველოს კონსტიტუციის 86-ე მუხლით, მოსამართლედ პირის გასამწესებლად აუცილებელია, რომ მას ჰქონდეს უმაღლესი იურიდიული განათლება. საქართველოს მთავარ პროკურატურაში შემოვიდა ინფორმაცია (ადვოკატ ალექსანდრე ალადაშვილის განცხადება და მედიით გავრცელებული ინფორმაცია), სადაც აღნიშნული იყო, რომ საქართველოს საერთო სასამართლოების ორ მოსამართლეს უმაღლესი იურიდიული განათლება არ გააჩნდა. აღნიშნული ინფორმაციის საფუძველზე დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე. მიმდინარე გამოძიების ფარგლებში იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან ამოღებულია ამ მოსამართლეთა პირადი საქმეები. გამოძიებით დადგინდა, რომ მოსამართლეებს მართლაც არ ჰქონდათ უმაღლესი იურიდიული განათლება, რაც ნიშნავს იმას, რომ მათი მოსამართლედ გამწესება წარმოადგენდა კონსტიტუციისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევას. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-100 მუხლის შესაბამისად, დანაშაულის შესახებ ინფორმაციის მიღების შემთხვევაში, გამომძიებელი, პროკურორი ვალდებულნი არიან დაიწყონ გამოძიება. აქედან გამომდინარე, საქართველოს პროკურატურა ასრულებს კანონით მისთვის დაკისრებულ მოვალეობას, რათა გამოავლინოს და ამხილოს შესაძლო დანაშაულის ჩამდენი პირი", - ნათქვამია განცხადებაში.

პროკურატურის განმარტებით, გამოძიების შესწავლის საგანი არ არის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების კანონიერება, არამედ დანაშაულებრივი ქმედების და დანაშაულის ჩამდენი პირის გამოვლენა. 

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ, კონსტანტინე კუბლაშვილმა, პრესკონფერენცია გამართა, სადაც აღნიშნა, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოზე ზემოქმედებას ვერავინ შეძლებს. კუბლაშვილის თქმით, ორივე მოსამართლე, გიგაურიც და ალავიძეს იუსტიციის საბჭოს მიერ არის დანიშნული. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თქმით, საბჭო კოლეგიალური ორგანოა და მასზე სისხლის სამართლის საქმის აღძვრა იურიდიული ნონსენსია. 

კომენტარები