უზენაესი სასამართლო

კონსტანტინე კუბლაშვილი: იუსტიციის უმაღლეს საბჭოზე ზემოქმედებას ვერავინ მოახდენს

საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ, კონსტანტინე კუბლაშვილმა დღეს, 25 თებერვალს, პრესკონფერენცია გამართა, სადაც აღნიშნა, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოზე ზემოქმედებას ვერავინ მოახდენს. კუბლაშვილი პროკურატურის მიერ ორი მოსამართლის - მაია გიგაურისა და ბესარიონ ალავიძის პირადი საქმეების გამოთხოვას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ამაზე თანხმობა სასამართლომ გასცა, საქმე კი, ამ ორი მოსამართლის დანიშვნის საკითხს ეხება. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის განცხადებით, დანიშვნაზე გადაწყვეტილება იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მიიღო, ის კი კოლეგიური ორგანოა და მის გადაწყვეტილებაზე სისხლის სამართლის საქმის აღძვრა იურიდიული ნონსენსია.

"ამ ქმედებით ვერავინ ვერაფერს მიაღწევს, თუკი მათ სურთ საბჭოზე ზემოქმედება, ვაძლევ გარანტიას, რომ ეს მცდელობები უნაყოფო იქნება. მე პირადად მაქვს ხმა მიცემული ამ ორი მოსამართლის დანიშვნაზე და ორივე მათგანი ერთ-ერთი საუკეთესოა ჩვენს სისტემაში", - განაცხადა კონსტანტინე კუბლაშვილმა. უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო პალატის მოსამართლის, ბესარიონ ალავიძისა და რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, მაია გიგაურის პირადი საქმეების გამოთხოვის შესახებ პროკურატურამ შუამდგომლობით იუსტიციის უმაღლეს საბჭოს 22 თებერვალს მიმართა.

კოტე კუბლაშვილის ინფორმაციით, პროკურატურაში დაკითხვაზეა დაბარებული ფოთის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე. მისი განმარტებით, თუ საქმე ეხება დისციპლინურ დარღვევას, საკითხი იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უნდა განიხილოს და არა რომელიმე სხვა უწყებამ. 

კომენტარები