მთავარი პროკურატურა

პროკურატურა აღმკვეთი ღონისძიების სახით უგულავასგან 1 მლნ ლარსა და უფლებამოსილების შეჩერებას ითხოვს

მთავარმა პროკურატურამ ქალაქის მერის, გიგი უგულავასთვის აღმკვეთი ღონისძიების სახით 1 მლნ ლარის გირაოს შუამდგომლობა მოითხოვა. შესაბამისი წერილით პროკურატურამ თბილისის საქალაქო სასამართლოს დღეს მიმართა. შუამდგომლობაში ასევე აღნიშნულია, რომ უგულავას ქვეყნის ტერიტორიიდან გასვლა უნდა აეკრძალოს და საგამოძიებო ორგანოში კვირაში ერთხელ გამოცხადდეს. სამართალდამცავი უწყება ასევე სასამართლოსგან უგულავასთვის ქალაქის მერის უფლებამოსილების შეწყვეტასაც ითხოვს. ამის შესახებ რუსთავი 2-ის პირდაპირ ეთერში არჩილ კბილაშვილმა ისაუბრა.

მისი განმარტებით, მაშინ, როდესაც პირის მიმართ წარდგენილი ბრალდება ითვალისწინებს თანამდებობაზე ყოფნისას ამ თანამდებობის ბოროტად გამოყენებას, რაც ამ შემთხვევაში თანხების გაფლანგვასა და მითვისებაში გამოიხატა, ძალიან ლოგიკურია, რომ გამოძიების მიმდინარეობის დროს პირს შეუჩერდეს იმ უფლებამოსილების განხორციელება, რომლის ფარგლებშიც მან სავარაუდო ქმედება ჩაიდინა.

მისივე თქმით, პროკურატურამ მოითხოვა ასევე, რომ მან არ დატოვოს ქვეყნის ტერიტორია, რადგან არსებობს რისკი და ალბათობა იმისა, რომ შესაძლებელია მან თავისუფლებით ისარგებლოს და გამოძიებას დაემალოს.

"მით უფრო, რომ მოსალოდნელი სასჯელი არის საკმაოდ მკაცრი და მაღალი, ამიტომაც ამ საკითხის უზრუნველსაყოფად სიფრთხილის მიზნით ჩვენ ეს ნაბიჯიც მივიჩნიეთ მიზანშეწონილად", - აღნიშნა მთავარმა პროკურორმა.

თბილისის მერს, გიგი უგულავას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ბრალი გუშინ სხვისი ქონების მართლსაწინააღმდეგოდ მითვისებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის მუხლებით წაუყენა. ადვოკატ გოგიტა გაბაიძის თქმით, უგულავას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილითა და 194-ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისთვის წარედგინა. 

კომენტარები