თბილისის მერი

გიგი უგულავას ბრალი ორი მუხლით წარედგინა

თბილისის მერს, გიგი უგულავას, ბრალი სხვისი ქონების მართლსაწინააღმდეგოდ მითვისებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის მუხლებით წარედგინა. უგულავამ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური უკვე დატოვა. 

გიგი უგულავას ადვოკატის, გოგიტა გაბაიძის ცნობით, დედაქალაქის მერმა დაკითხვაზე, დუმილის უფლება გამოიყენა. 

გაბაიძის განცხადებით, მის დაცვის ქვეშ მყოფს, ტელეკომპანია იმედისა და თბილსერვის ჯგუფის ეპიზოდებზე წარედგინა ბრალი. სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილები სხვისი ქონების მართლსაწინააღმდეგოდ მითვისებას გულისხმობს, რაც 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

"ასევე, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს წარედგინა უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ბრალდებაც, რაც სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მესამე ნაწილითაა გათვალისწინებული და 9-დან 12 წლამდე პატიმრობას გულისხმობს", - აღნიშნა გოგიტა გაბაიძემ.

როგორც თავად გიგი უგულავამ საგამოძიებო სამსახურის დატოვების შემდეგ განაცხადა, მან ბრალდება ვერ გაიგო.

"ბრალდება ვერ გავიგე. ერთი ვიცი, რომ წამოვიღე ერთი მანქანა ფურცლები, რომელსაც გავეცნობი. ერთი, რაც ახლა ვიცი, არის ის, რომ ძალიან მიყვარხართ და უფრო მნიშვნელოვანია თქვენი თანადგომა", - მიმართა უგულავამ შეკრებილ მხარდამჭერებს.

მისივე თქმით, ის დარწმუნებულია, რომ ახალი ხელისუფლების მიერ ასეულობით ადამიანისთვის წაყენებულ ყველა ბრალდებას, სამართლიანი სასამართლო გააქარწყლებს. 

"მე მზად ვარ, მივიღო ეს გამოწვევა საჯაროდ, სასამართლოზე, ყველას დასანახად. სამწუხაროდ, ეს ჩამოყალიბდა მათი ურთიერთობის ენად. ჩვენი პასუხი ამაზე იქნება მხოლოდ და მხოლოდ მოთმინება, სიყვარული და ბრძოლა თავისუფლებისთვის. ხალხის აზრით მანიპულირება არის ის მოკლე გზა, რომელიც მთავრობას მიიყვანს ჯოჯოხეთამდე. ჩვენ ვისმენთ მხოლოდ და მხოლოდ განადგურების მოწოდებებს აქამდე. ამას კი არცერთი ხალხი არ შეეგუება. დროა, გვერდზე გადავდოთ ეს ტაკიმასხარაობა და მივხედოთ ქალაქს. ეს არის დღეს ჩვენი ამოცანა. ამ ამოცანის შესრულებისთვის მე მზად ვარ", - განაცხადა გიგი უგულავამ.

პროკურატურა დედაქალაქის მერისთვის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხზე, სასამართლოს ხვალ მიმართავს.

შეგახსენებთ, თბილისის მერისთვის ბრალის წაყენების შესახებ განცხადება, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა გუშინ გაავრცელა.

 

კომენტარები