ბიძინა ივანიშვილი

ივანიშვილი: ჟურნალისტებს მიგითითებთ, მხოლოდ გამონათქვამი გადაამოწმოთ

საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსთან შეხვედრის შემდეგ, ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებთან ოპოზიციის მიერ 19 აპრილისთვის დაგეგმილ აქციაზე კომენტარი გააკეთა. პრემიერმინისტრმა საზოგადოებას მოუწოდა, „მეტი იუმორი გამოიყენონ“ და ასე შეხედონ ამ აქციას, რადგან ის სერიოზულ ანალიზს არ ექვემდებარება.

„საზოგადოებას ალბათ ვერაფერს ვეტყოდი - მეტი იუმორი გამოვიყენოთ, რამდენადაც ესეთ სასაცილო თემებს ყრიან უკვე. მეტი ხუმრობა, მეტი იუმორი, სერიოზულად რა უნდა უპასუხო მაგაზე ... ეს ჩვენი საზოგადოების ნაწილია, ჩვენ მათთან თანაცხოვრება უნდა ვისწავლოთ. სანამ ისინი არ შეიცვლიან პოზიციას და სიცრუის ნაცვლად კონსტრუქციულ ოპონირებას და პოზიციას არ დაიჭერენ, ჩვენ, საზოგადოებამ მოვახერხოთ და იუმორით შევხედოთ. რამეთუ აქ არაფერი სერიოზული არაა და სერიოზულ ანალიზს ეს არ ექვემდებარება“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

შეკითხვას, არის თუ არა სერიოზული თემა ქვეყნის საგარეო პოლიტიკა, პრემიერმა უპასუხა, რომ მას და მისი გუნდის წევრებს ევროატლანტიკური სივრცისკენ სწრაფვა არასდროს დაუყენებიათ ეჭვქვეშ და ჟურნალისტებს მსგავსი ფაქტის გახსენებისკენ მოუწოდა, რის შემდეგაც, ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ჟურნალისტმა ივანიშვილს სომხეთში ვიზიტი და იქ გაკეთებული განცხადება შეახსენა.

„თქვენთან ყველაზე მეტად შემოვალ პოლემიკაში. რუსთავი 2 ყველაზე საინტერესო ტელევიზიაა ჩემთვის ... საერთოდ, გამონათქვამზე, ჟურნალისტებს მიგითითებთ, (ოპოზიციას ბევრჯერ შევეხმიანე, მაგრამ მაგათგან არაფერი არ გამოვა, სიცრუიდან ვერ გამოდიან) - როდესაც პოლიტიკოსი ან ვინმე, რაიმე გამონათქვამში პოზიციაზე, რომელიც მას ჰქონდა ადრე დაფიქსირებული, ეჭვს იწვევს მისი გამონათქვამი, თქვენ მხოლოდ გამონათქვამი უნდა გადაამოწმოთ. ესაა საკმარისი.

არ შეიძლება რაიმე გამონათქვამით კოალიციის ან პოლიტიკოსის პოზიციაში ეჭვი შეიტანოთ, სანამ გამონათქვამს თვითონ არ გადაამოწმებთ. თქვენ შეგეძლოთ, გადაგემოწმებინათ, ეს იქნებოდა კორექტული - ხომ არ იგულისხმებოდა ამ გამონათქვამში რამე? მაგრამ სასომხეთის შემდგომ უამრავი განცხადება მაქვს გაკეთებული. ამავდროულად, ყრილობაზე გავაკეთე ძალიან ფუნდამენტალური განცხადება და იქ მხოლოდ ნატოსა და ევროკავშირზე ვსაუბრობდი. ე.ი. ის ეჭვი, რაც შეიძლებოდა გაგჩენოდათ ამ გამონათქვამში, რომ სიტყვა ნატო არ ჩანდა და მარტო ამერიკა და რუსეთი იგრძნობოდა, მხოლოდ შეკითხვით უნდა დაგეკონკრეტებინათ. როგორც კი პასუხს გაგცემდით, რომ ეს ესე იგულისხმებოდა, ეს იყო საკმარისი. იმ კითხვის აქ გადმოგორება ეს მხოლოდ რეალ ტვ-ის „პოჩერკია“ - ხელწერაა. ძალიან გთხოვთ, ჟურნალისტები ნუ დაიმახინჯებთ თავს და სახე შეუნარჩუნეთ თქვენს ტელევიზიებს.

ეს არ არის კორექტული, გარწმუნებთ, თქვენ მხოლოდ უნდა გადაამოწმოთ. ხშირად ცდომილებაა გამონათქვამებში - ძალიან ბევრ პოლიტიკოსს ხშირად შეიძლება წინადადებაში სიტყვა ჩაუვარდეს, დამახინჯდეს და ეჭვის საფუძველი გაჩნდეს. მხოლოდ წინადადება უნდა გადაამოწმოთ. სასომხეთის შემდგომ უამრავი განცხადება გაკეთდა. თქვენ არ მკითხეთ სწორედ, გაიგეთ, რას გეუბნებით? იქაც არაფერი არ იყო უხერხული, როდესაც ვთქვი, რომ რუსეთთანაც ვიმეგობროთ და ამერიკასთანაც, იქაც არაფერი საეჭვო არ იყო, მაგრამ თუ სიტყვა ნატო არ იყო თქმული, შეგეძლოთ, ეს გადაგემოწმებინათ“, - უთხრა პრემიერმინისტრმა ჟურნალისტებს.

 

კომენტარები