საპარლამენტო უმრავლესობა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრები 19 აპრილისთვის დაანონსებულ მიტინგს ეხმიანებიან

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, დეპუტატი თინა ხიდაშელი ვანო მერაბიშვილის მიერ 19 აპრილისათვის დაანონსებულ მიტინგს ეხმიანება და აცხადებს, რომ ნაციონალური მოძრაობა ამ აქტით კონფრონტაციის გაღრმავებას ცდილობს. 
"ამ აქციის გამოცხადება არის სრულიად ნათელი და ცალსახა ნაბიჯი, მიმართული იმ კონფრონტაციის კიდევ უფრო გაღრმავებისკენ, რომელსაც ნაციონალური მოძრაობა პირველი ოქტომბრის არჩევნების შემდეგ გეგმავს, ხან გამოსდის, ან გეგმავს და არ გამოსდის. ესაა 8 თებერვლის გაგრძელება", - განაცხადა ხიდაშელმა.  
დეპუტატის თქმით, "ძალიან სამწუხაროა", რომ მთავრობას ისეთი ოპოზიცია ჰყავს, რომელიც ცდილობს, "მუდმივად კონფრონტაციულ რეჟიმში აცხოვროს ქვეყანა". ხიდაშელმა იქვე განმარტა, რომ ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, საპროტესტო აქცია მშვიდობიანად ჩატარდეს. 
"ხელისუფლების პასუხისმგებლობაა და ჩვენ უზრუნველვყოფთ, აქცია იყოს მშვიდობიანი და მშვიდობიან დემონსტრაციას არავითარი პრობლემა არ შეექმნას", - აღნიშნა ხიდაშელმა.
საპარლამენტო უმრავლესობის კიდევ ერთი წევრი კობა დავითაშვილი 19 აპრილს დაგეგმილ აქციას ნაციონალური მოძრაობის მხრიდან სახელმწიფო გადატრიალების ორგანიზების მცდელობად მიიჩნევს.
"მას შემდეგ, რაც ქართულმა ოცნებამ წინასაარჩევნო დაპირებების შესრულება დაიწყო, რაც სოფლის მოსახლემ იგრძნო, რას ნიშნავს ქვეყანაში ხელისუფლების შეცვლა, წყალწაღებული ნაციონალური მოძრაობა ხავსს ეჭიდება და ცდილობს სახელმწიფო გადატრიალების მოწყობის ორგანიზებას აპრილში, როცა პრეზიდენტს პარლამენტის დათხოვნის კონსტიტუციური უფლებამოსილება ეძლევა. მე მინდა ვუთხრა სააკაშვილს, მერაბიშვილს და ნაციონალურ მოძრაობას - სცადეთ ბატონებო და თქვენ მიიღებთ სრულ, ამომწურავ და ადეკვატურ პასუხს ქართველი ერისგან", - განაცხადა დავითაშვილმა.

კომენტარები