ადგილობრივი თვითმმართველობა

დავით ნარმანია: გუბერნატორის ინსტიტუტი გაუქმდება

მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დავით ნარმანიამ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ჩატარების შემდეგ გუბერნატორების ინსტიტუტის გაუქმება იგეგმება. 
"როდესაც ჩატარდება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები და შესაბამისი კანონმდებლობა შევა ძალაში, გუბერნატორის ინსტიტუტი გაუქმდება და გაცილებით უფრო დემოკრატიული ინსტიტუტი იქნება შემოღებული", - განაცხადა ნარმანიამ. 
შეგახსენებთ, რომ დღევანდელ სხდომაზე მთავრობა 2013-2014 წლების საქართველოს მთავრობის დეცენტრალიზაციისა და თვითმმართველობის განვითარების სტრატეგიას განიხილავდა. აღმასრულებელმა ხელისუფლებამ სტრატეგია მოიწონა. რეგიონული განვითარების მინისტრის თქმით, უახლოეს მომავალში იგეგმება სტრატეგიის სახალხო განხილვები.
სტრატეგიის გარკვეული ელემენტები მინისტრმა ჟურნალისტებსაც გააცნო. ნარმანიას თქმით, კანონით განისაზღვრება სამხარეო ტერიტორიულ-ადმინისტრაციული ერთეულების ფორმირება; შეიქნება წარმომადგენლობითი ორგანოები, რომელშიც შევლენ არჩეული ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები. მხარეს ეყოლება აღმასრულებელი ხელისუფლება, რომლის ხელმძღვანელიც იქნება ადმინისტრაციის ხელმძღვანელი. ამ პოსტზე სამხარეო საბჭო სამ კანდიდატურას დაასახელებს და შემდეგ მთავრობას წარუდგენს, ხოლო მთავრობა აქედან ერთ-ერთს დაამტკიცებს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობაზე. 

კომენტარები