სამართალდამცავებმა ტელეკომპანია იმედის ყოფილი გენერალური დირექტორი გიორგი არველაძე დაკითხეს. როგორც არველაძემ პრაიმ-ტაიმის პრესკლუბში განაცხადა, სამართალდამცავები ძირითადად იმედში მისი საქმიანობით დაინტერესდნენ.
არველაძის თქმით, მისი დაკითხვაზე დაბარება დაემთხვა იმ ინტერნეტგამოცემის მხრიდან კახეთში 10 თვის ჩვილის გარდაცვალების საქმეზე ჟურნალისტური გამოძიების წარმოებას, რომლის მთავარი რედაქტორიც თვითონაა.
არველაძის თქმით, ბარბარე რაფალიანცის საქმე დღემდე არაა გამოძიებული და არჩევნების წინა ღამეს ათი თვის ბავშვის მკვლელობით გარკვეულმა პოლიტიკურმა ძალებმა პოლიტიკური კამპანია აწარმოეს. მისივე თქმით, საქმის გამოძიების ყველა ვადა დარღვეულია.
როგორც არველაძე ამბობს, ჟურნალისტური გამოძიების ფარგლებში ბევრი ისეთი გარემოება გამოიკვეთა, რომელიც სერიოზულ კითხვებს აჩენს.
„ეს მასალა ვებგვერდზე დაიდო შაბათს ხოლო კვირა დილას მე საგამოძიებო უწყებაში დაბარების შესახებ შეტყობინება მივიღე. დაკითხვა ტელეკომპანია იმედის ირგვლივ წარიმართა, მაგრამ აღსანიშნავია ერთი გარემოება, რომ მათ ზუსტად იცოდნენ ის, რომ მე მომავალშიც ვიქნებოდი გამოძახებული“, - განაცხადა არველაძემ.




