საპარლამენტო უმრავლესობა

დავითაშვილი: ხელისუფლების დღევანდელი საქციელი დოყლაპიობაა

უმრავლესობის წევრმა და ხალხის პარტიის ლიდერმა კობა დავითაშვილმა კვირის პალიტრასთვის მიცემულ ინტერვიუში ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ "ხელისუფლების დღევანდელი საქციელი დოყლაპიობაა". მისი თქმით, უკმაყოფილოა იმით, რომ 7 ნოემბრის, 26 მაისის და სხვა დანაშაულების გამოძიება ფერხდება. 

"ძალიან "ბუქსაობს" ჩვენი მართლმსაჯულების მანქანა, რის გამოც მეც უკმაყოფილო ვარ და საზოგადოებაც... თუ მართლმსაჯულების სისტემას არა აქვს უნარი, დამნაშავეები დასაჯოს, მაშინ ჩვენ მოვიფიქრებთ რამეს და მერე ჩვენ გაგვასამართლონ... თუ ვინმეს ჰგონია, მშვიდად დაველოდებით, როგორ მორიგდება ოცნება და ნაცმოძრაობა, ძალიან ცდება. ნაცმოძრაობა უნდა ჩამოსცილდეს ხელისუფლებას", - აცხადებს დავითაშვილი.
ხალხის პარტიის ლიდერი განაწყენებულია იმ კოლეგებზეც, რომლებმაც სერგო რატიანთან მომხდარი ინციდენტის გამო გააკრიტიკეს. 

"მეც მაქვს ჩემი წარმოდგენა იმაზე, თუ ვინ უნდა იჯდეს სახლში, მაგრამ კოლეგებს ჩემს შეხედულებებს არ ვახვევ თავზე. ხიდაშელისა და უსუფაშვილის ნათქვამიდან ყველაზე მეტად ის მეწყინა, რომ მე და რატიანი გაგვათანაბრეს. უსუფაშვილმა თქვა, ჩემს ოლქში თუ იყრიან კენჭს, ხმას არც ერთს არ მივცემო. არ მინდა გაბრაზებულმა ვუპასუხო დათოს, მაგრამ ერთს მაინც ვეტყვი - დათო უსუფაშვილი და დათო ბაქრაძე დიდუბეში რომ იყრიდნენ კენჭს, მაინც უსუფაშვილს მივცემდი ხმას, მაგრამ თუ ასეთ განცხადებებს კიდევ გააკეთებს, მეეჭვება ჩემი ხმა ეყოს გამარჯვებისთვის. ჩემი კეთილი რჩევაა, თინამ თავი დაანებოს პიედესტალიდან ხალხის დამოძღვრას და ასეთი ტონით ლაპარაკს... ხიდაშელმა განაცხადა, ჩვენი ხელისუფლება ყველა დამნაშავეს სჯისო, მაშინ უსუფაშვილი რატომ ელაპარაკება ბაქრაძეს, ვინც პარლამენტის შენობა განზრახ გაანადგურა? ამას გამოძიება კი არა, სამართლებრივი შეფასება უნდა. ვეკითხები პარლამენტის თავმჯდომარეს: რატომ არ არის ბატონ ბაქრაძეზე საქმე აღძრული, ვინ აფერხებს ამ პროცესს? ეს არ არის შერჩევითი მართლმსაჯულება?!", - აღნიშნავს დავითაშვილი. 

კომენტარები