პრემიერმინისტრი

ივანიშვილი თურქ კოლეგას შეხვდა

საქართველოს პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი თურქეთის პრემიერმინისტრ რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდა.

პრემიერის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრა ერდოღანის რეზიდენციაში გაიმართა. შეხვედრას წინ უძღოდა დახვედრის ოფიციალური ცერემონია.

პირისპირ შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული ეკონომიკური და პოლიტიკური ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების პერსპექტივებზე იმსჯელეს.

როგორც ერთობლივ პრესკონფერენციაზე ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, თურქ კოლეგასთან მან ისაუბრა კულტურული მემკვიდრეობის საკითხზე, მათ შორის საქართველოში მეჩეთისა და თურქეთში ქართული კულტურის ძეგლების აღდგენის პრობლემებზე. მისი თქმით, ამ საკითხებზე შეთანხმება მიღწეულია. ივანიშვილმა მადლობა გადაუხადა თურქ კოლეგას იმის გამო, რომ მან თანხმობა განაცხადა ოშკისა და იშხნის აღდგენის პროცესში ქართველ სპეციალისტთა მონაწილეობაზე.

ივანიშვილმა ხაზი გაუსვა იმას, რომ თურქეთი საქართველოს ყველაზე დიდი სავაჭრო პარტნიორია და ბევრი თურქი ბიზნესმენი ინვესტიციებს ახორციელებს საქართველოში.

გარდა ამისა, ივანიშვილის თქმით, პრემიერებმა განიხილეს მსჯავრდებულთა ექსტრადირების საკითხი, რომელიც, მისი თქმით, ასევე დადებითად გადაწყდება.

საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკის დელეგაციების მოლაპარაკებები გაფართოებული შემადგენლობით გაიმართა. მხარეებმა რეგიონულ საკითხებზე იმსჯელეს და კეთილმეზობლური პოლიტიკის კიდევ უფრო გაღრმავების იმედი გამოთქვეს.

 

კომენტარები