საქართველოს პრეზიდენტი

სააკაშვილი: თუ ევროპამ ხელი გვკრა, მეზობლისთვის ადვილი ლუკმა გავხდებით

საქართველოს პრეზიდენტმა კომენტარი გააკეთა ევროპის სახალხო პარტიის  განცხადებასთან დაკავშირებით, რომელიც საქართველოში შექმნილ სიტუაციას შეეხებოდა.

საქართველოს პრეზიდენტის Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე განთავსებულ ვიდეომიმართვაში მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, რომ ევროპის სახალხო პარტია ევროპარლამენტის ყველაზე დიდი ჯგუფია და „ნებისმიერი გადაწყვეტილების დაბლოკვა“ შეუძლია.

„მათ განაცხადეს, რომ, თუ ყველაფერი ასე გაგრძელდა, საქართველო ვილნიუსის სამიტზე ვერ მიიღებს ასოცირების ხელშეკრულებას ევროკავშირთან. ეს არის ის, რისთვისაც მთელი ეს წლები ჩვენი მთავრობა ინტენსიურად მუშაობდა და პრაქტიკულად ერთო ხელის გაწვდენაზე მივუახლოვდით“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

სააკაშვილის განცხადებით, „8 წელის წინ საქართველო მიახლოებითაც არ იყო ევროპის რუკაზე“. თუმცა, მისი თქმით, ინტენსიური მუშაობისა და რეფორმების შედეგად, იმის შედეგად, რომ ევროკავშირმა აღიარა საქართველო ყველაზე არაკორუმპირებულ და ყველაზე ნაკლებად კრიმინალიზებულ ქვეყნად ევროპაში, სხვა ბევრი მიღწევის გამო, წელს ვილნიუსში ევროკავშირთან ასოცირების შესახებ ხელშეკრულების გაფორმება არის დაგეგმილი.

„მაგრამ, ბოლო დროის მოვლენებმა, ამ განცხადების თანახმად, დააყენა ყველაფერი დარტყმის ქვეშ. ეს არის იმის დანგრევა, რასაც ეს წლები ვაშენებდით. ჩემთვის ეს ძალიან მძიმე რამეა, ეს არ შეუძლება უხაროდეს არც მთავრობას და არც ოპოზიციას, ქვეყნისთვის ეს ძალიან მძიმეა“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მისი თქმით, „თუ ევროპამ ხელი გვკრა, ერთი ჩვენი მეზობლისთვის ადვილი ლუკმა ვიქნებით“.

მან მთავრობას მოლაპარაკებებისკენ და შექმნილი სიტუაციის გამოსწორებისკენ მოუწოდა, რადგან, მისი აზრით, ამ სიტუაციით ვერავინ ვერაფერს მოიგებს, საქართველო კი წააგებს.

 

კომენტარები