ქუთაისი

სასამართლომ ბათილად ცნო განკარგულება, რომლის საფუძველზეც ქუთაისის მერი დაინიშნა

12 თებერვალს, ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ბათილად ცნო ქუთაისის საკრებულოს 2012 წლის 8 ოქტომბრის განკარგულება, რომლის მიხედვითაც საკრებულომ ბესარიონ ბრეგაძე მერის თანამდებობაზე დანიშნა. 
სასამართლომ ეს გადაწყვეტილება პარტია თავისუფალი საქართველოს იმერეთის ოფისის ხელმძღვანელის, გოგი წულაიას სარჩელის განხილვის შემდეგ მიიღო. ტელეკომპანია რუსთავი 2-თან საუბარში წულაიამ განაცხადა, რომ წინა წელს მერის არჩევის პროცედურები დაირღვა და არ ჩატარდა სათანადო კონკურსი. იგი იმედს გამოთქვამს, რომ ამ გადაწყვეტილების შემდეგ  საკრებულო კონკურსს გამოცხადებს და "ღირსეულად" აირჩევენ ქუთაისის ახალ მერს. 
იმერეთის გუბერნატორის ვახტანგ ბალავაძის თქმით, განკარგულება, რომელიც სასამართლომ გააუქმა, არ არის საფუძველი იმ ბრძანებულების, რომლის საფუძველზეც დაინიშნა ქუთაისის მერი. 
"ბრძანებულება არ არის გაუქმებული. შესაბამისად, ქალაქის მერი რჩება თავის ადგილზე და იგი აგრძელებს თავისი მოვალეობების შესრულებას", - განაცხადა ბალავაძემ რუსთავი 2-თან საუბარში.

კომენტარები