შსს

ღარიბაშვილი: საქართველოში ხელშეუხებელთა კასტა ვერ იარსებებს

შს მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს 8 თებერვალს ეროვნულ ბიბლიოთეკასთან სამართალდამცავების საქმიანობაზე ინფორმაცია მიაწოდა. 

მისი თქმით, 8 თებერვალი არ არის ლოკალური ხასიათის მოვლენა და ის იმ არაჯანსაღი გარემოს ლოგიკური შედეგია, რომელშიც უწევს მუშაობა საქართველოს სამართალდამცავ სტრუქტურებს. 

"სახელმწიფო და საზოგადოებრივი უსაფრთხოების სისტემა ერთიან ორგანიზმს უნდა წარმოადგენდეს. თუ რაიმეს მნიშვნელოვნად აზიანებს საარჩევნო ბატალიებიდან ინერციით გამოყოლილი კონფრონტაციული რეჟიმი და სეპარაცია, ეს სწორედ უსაფრთხოების სფეროა. ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია სამართალდამცავი და უსაფრთხოების სტრუქტურების დეპოლიტიზაციისა და კოჰაბიტაციის აუცილებლობაზე. 8 თებერვლის მოვლენებმა დაგვანახა, რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს ამ უმნიშვნელოვანესი პრინციპის დარღვევას", - განაცხადა ღარიბაშვილმა. 

მინისტრის თქმით, უმაღლესი თანამდებობის პირების უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი დაცვის სპეციალური სამსახურია, რომელიც 1998 წელს აშშ-ის დახმარებით შეიქმნა. 

როგორც მინისტრმა აღნიშნა, ეს სამსახური დღემდე საქართველოს პრეზიდენტის იურისდიქციის ქვეშ მყოფ სამთავრობო სტრუქტურას წარმოადგენდა და წლების განმავლობაში უშუალოდ ოპერატიულად ხელმძღვანელობდა უმაღლესი თანამდებობის პირების, მათ შორის პრეზიდენტის მონაწილეობით მიმდინარე ღონისძიებებს. 
"შსს-ს ასეთ ღონისძიებებზე ყოველთვის დამხმარე როლი ჰქონდა განსაზღვრული და იგი მკაცრად ასრულებდა დასაცავ პირთა უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი სამსახურის დაკვეთას. სდსს უსაზღვრავდა შსს-ს იმ ძალებს და საშუალებებს, რაც საკმარისი უნდა ყოფილიყო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. სამწუხაროდ, გასული წლის ოქტომბრიდან სდსს-მ პრაქტიკულად გაწყვიტა ინტენსიური ოპერატიული კავშირი ჩვენთან, რაც საფრთხის შემცველია. არსებული პრაქტიკის თანახმად, წინასწარ ხორციელდება დაცვითი ღონისძიებები სდსს-ს მიერ და არა შსს-ს მიერ. სდსს-მ ერთი დღით ადრე იცოდა, რომ 8-ში პრეზიდენტი ეროვნულ ბიბლიოთეკაში მისვლას აპირებდა. ამის მიუხედავად, არ გაატარა ასეთი შემთხვევებისთვის აუცილებელი ღონისძიებები. კერძოდ, სდსს-ს ერთობლივი დაცვისთვის საჭირო ერთჯერადი გეგმა უნდა შეემუშავებინა, ასევე არ გასულა ობიექტზე ერთობლივი ჯგუფი, რომლის დროსაც უნდა განსაზღვრულიყო პოლიციის მოქმედების არეალი, შსს-ს მიერ გამოსაყენებელი ძალების და საშუალებების ოდენობა და დამცავი ჯებირების გამოთხოვა ქალაქის მერიიდან. სდსს-მ 15:00 საათისთვის მოითხოვა საპატრულო პოლიციის ერთი ეკიპაჟის და რაიონული პოლიციის ადგილზე გამოცხადება. ადგილზე პოლიციამ იმოქმედა სიტუაციური რეაგირების რეჟიმში. გვქონდა ინფორმაცია, რომ იგეგმებოდა ეს ღონისძიება და ჩემი ბრძანებით, ერთი ეკიპაჟის ნაცვლად მობილიზებული იყო 55 ეკიპაჟი, ასევე ცენტრალური კრიმინალური პოლიციის და ქალაქის მთავარი სამმართველოს დაახლოებით 200 პოლიციელი", - განაცხადა ღარიბაშვილმა და თითოეულ პოლიციელს "ღირსეულად გაწეული სამსახურისთვის" მადლობა გადაუხადა. 
მისი თქმით, სამართალდამცავებმა წარმატებით გაართვეს თავი დაკისრებულ მოვალეობას. 
"არსებობს ლეგიტიმური ეჭვი, რომ ბიბლიოთეკასთან ვითარების დაძაბვა ხელოვნურად იყო გამოწვეული. ასევე ეჭვს იწვევს ის ფაქტი, რომ პოლიციის მიერ შეთავაზებული უსაფრთხო დერეფნების მიუხედავად, თბილისის მერმა, საპარლამენტო უმცირესობამ და მათმა თანმხლებმა პირებმა დერენის გამოყენებაზე უარი განაცხადეს და გამიზნულად გაემართნენ აქციის აღელვებული მონაწილეებისკენ, რომელთა უმეტესობა იყო 2007 წლის 7 ნოემბრის, 2011 წლის 26 მაისის აქციების დარბევისას დაზარალებულები, ყოფილი პოლიტპატიმრები და მათი ახლობლები", - განაცხადა მინისტრმა და დიპლომატიურ კორპუსს დაპირისპირების ამსახველი 10-წუთიანი ვიდეომასალა წარუდგინა. 

კომენტარები