თბილისის მერი გიგი უგულავა შინაგან საქმეთა მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ სიმართლე მათ მხარესაა, ხოლო ძალა - მთავრობის.
"საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს დაადასტურა, რომ საჯარო ბიბლიოთეკასთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, გამოძიებას უკვე ჩამოყალიბებული პოზიცია აქვს. ასევე მინისტრი ცრუობს, როდესაც აცხადებს, რომ უარს ვამბობ დაკითხვაზე. მე უარს ვამბობ მხოლოდ პოლიციაში მისვლაზე და ამით, პირველ რიგში, რიგითი პოლიციელებისა და გამომძიებლების ღირსებას ვიცავ, რადგან არ მსურს, რომ ისინი კიდევ ერთხელ გახდნენ ივანიშვილისა და ღარიბაშვილის ინსტრუმენტები ოპოზიციასთან ბრძოლაში. ჩემი დაკითხვა მხოლოდ თვალთმაქცობის მიზნით ხორციელდება. მე აზრს არ ვიცვლი და გამომძიებელს კვლავ თბილისის მერიაში ველოდები. თუ შინაგან საქმეთა მინისტრს საკუთარი და მისი უწყების ღირსების დაცვა უნდოდა, ეს მას საჯარო ბიბლიოთეკასთან უნდა განეხორციელებინა და დანაშაულებრივი უმოქმედობისკენ პოლიციელებისთვის არ უნდა ებიძგებინა, ხოლო სიტუაცია სამართავად ნანა კაკაბაძისთვის არ უნდა გადაეცა. დღეს ირაკლი ღარიბაშვილის, როგორც შინაგან საქმეთა მინიტრის პოზიცია სამარცხვინოა", - აცხადებს გიგი უგულავა.
შეგახსენებთ, რომ შს მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბიბლიოთეკასთან მომხდარი ინციდენტების შესახებ კვირის პალიტრასთან ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს პროვოკაცია იყო, რომელიც თბილისის მერმა გიგი უგულავამ "მაღალპროფესიულად შეასრულა".





