ევროკავშირის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა საგარეო საქმეთა საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელის ქეთრინ ეშტონისა და გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისრის შტეფან ფულეს განცხადება საქართველოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით.
ევროკავშირის წარმომადგენლები ღრმა შეშფოთებას გამოთქვამენ ეროვნული ბიბლიოთეკის წინ მომხდარი ძალადობრივი ინციდენტების გამო და მოუწოდებენ ყველა პარტიას, გამოიჩინონ პასუხისმგებლობა და თავი შეიკავონ ძალადობისაგან.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ ქართულ ოცნებასა და ერთიან ნაციონალურ მოძრაობას შორის "ძალაუფლების განაწილების საკითხზე შეთანხმებასთან დაკავშირებით მდგომარეობის გაუარესების ნიშნები" შეშფოთებას იწვევს.
"საკონსტიტუციო საკითხებზე შეთანხმება არ არსებობს და სულ ახლახან, პრეზიდენტის მიერ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლის საკითხი ღია კონფრონტაციად იქცა, როდესაც ნაციონალური მოძრაობის კანონმდებლებს თავს დაესხნენ პრეზიდენტის გამოსვლის ადგილზე შეკრებილი დემონსტრანტები.
ევროკავშირი მიიჩნევს, რომ ქართული დემოკრატიის მომავლისთვის უმნიშვნელოვანესია ქვეყანაში ყველა პოლიტიკურ მხარესა და ინსტიტუტს ეპყრობოდნენ თანაბარი პატივისცემით, როგორც ეს შეეფერება ჩვენს საერთო ევროპულ ღირებულებებს", - აღნიშნულია განცხადებაში.
ევროკავშირის წარმომადგენლები პოლიტიკურ ძალებს მოუწოდებენ, თავი შეიკავონ სახელმწიფო ინსტიტუტებისა და პოლიტიკური პროცესების პარტიული ინტერესებისთვის გამოყენებისგან.





