საქართველოს სახალხო დამცველი ეროვნული ბიბლიოთეკის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი ძალადობის ფაქტს გამოეხმაურა და სპეციალური მიმართვა გაავრცელა ოფიციალური ვებგვერდის მეშვეობით.
"საქართველოს სახალხო დამცველი გმობს ეროვნული ბიბლიოთეკის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი ძალადობის ფაქტს და რეკომენდაციით მიმართავს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს გაატაროს ობიექტური და ეფექტური ღონისძიებები აღნიშნული ფაქტის გამოძიების მიზნით", - ნათქვამია ომბუცმენის მიერ გავცელებულ განცხადებაში.
ნანუაშვილის უწყება მიიჩნევს, რომ ადგილზე მობილიზებული სამართალდამცავების რაოდენობა და მათ მიერ გატარებული პრევენციული ღონისძიებები ბიბლიოთეკაში მისული პირების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად საკმარისი არ აღმოჩნდა.
"მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, ზუსტი ინფორმაცია ჰქონდა საჯარო ბიბლიოთეკის წინ შეკრებილი აქციის მონაწილეთა როგორც რაოდენობის, ისე მათი მოთხოვნებისა და განწყობის თაობაზე, საქართველოს სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ ადგილზე მობილიზებული სამართალდამცავების რაოდენობა და მათ მიერ გატარებული პრევენციული ღონისძიებები არ აღმოჩნდა საკმარისი ბიბლიოთეკაში მისული პირების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად", - ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.
აღსანიშნავია, რომ სახალხო დამცველი პოზიტიურად მიიჩნევს ინციდენტის შემდეგ ეროვნულ ბიბლიოთეკასთან შინაგან საქმეთა მინისტრის მისვლას და მის მიერ იქ გაკეთებულ განცხადებებს.





