მთავარი პროკურატურა

გურამ დონაძეს ბრალი ბუტა რობაქიძის საქმესთან დაკავშირებით წაუყენეს

შსს-ს პრესსამსახურის ყოფილ უფროსს, გურამ დონაძეს, ბრალი სისხლის სამართლის 332-ე მუხლით წაუყენეს, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას გულისხმობს. ამის შესახებ ჟურნალისტებთან მისმა ადვოკატმა კახა შონიამ ისაუბრა. მისი თქმით, გურამ დონაძისთვის ბრალის წაყენება ბუტა რობაქიძის საქმესთან დაკავშირებით მოხდა. შონიამ აღნიშნა, რომ ის საქმის მასალებს მოცულობის გამო არ იცნობს, თუმცა იცის, რომ დონაძე დადანაშაულებულია ოპერატორისთვის მითითების მიცემაში, რომ მას შემთხვევის ადგილზე ჩადებული იარაღი გადაეღო. 

ამასთან, კახა შონიას განცხადებით, გურამ დონაძე არ აპირებს, მართლმსაჯულებას დაემალოს და ჩვენების მისაცემად საქართველოში დაბრუნდება. ადვოკატი არ საუბრობს იმაზე, თუ რომელ ქვეყანაში იმყოფება გურამ დონაძე. ამასთან, როგორც კახა შონიამ განმარტა, ბრალის წარდგინების შემდეგ, სავარაუდოდ, ხვალ გურამ დონაძეს აღკვეთის ღონისძიებას თბილისის საქალაქო სასამართლოში შეუფარდებენ. 

"ველოდებით, რომ აღკვეთის ღონისძიებად პროკურატურა პატიმრობას მოითხოვს, თუმცა ჩვენ დავაყენებთ შუამდგომლობას, რომ აღკვეთის ღონისძიების შეფარდება საერთოდ არ მოხდეს", - განაცხადა  შონიამ.

 

კომენტარები