რუსული ბაზარი

ივანიშვილი: არავინ არ ზღუდავდა ქართულ ღვინოს რუსულ ბაზარზე

შერატონ მეტეხი პალასში მიმდინარე პრესკონფერენციაზე, რომელზეც პრემიერი მთავრობის მუშაობის 100 დღეს აჯამებს, ივანიშვილმა განაცხადა, რომ ქართული ღვინოს რუსულ ბაზარზე შეტანას არავინ არ ზღუდავდა და მხოლოდ წინა ხელისუფლების წარმომადგენლები ”დაჟინებით ითხოვდნენ” მათი ფავორიტი კომპანიების პროდუქციის  შეტანას.
”გუშინ მე ინფორმაცია მივიღე, კირვალიძეს ვესაუბრე, და გაოცებულნი არიან რუსები, რომ არავინ არ ზღუდავდა ქართულ ღვინოს. ცალკეულ კომპანიებს ირჩევდა მხოლოდ, თავის ფავორიტებს, ეს ხელისუფლება და დაჟინებით ითხოვდნენ მხოლოდ მათი პროდუქციის შეტანას. დღეს ასე აღარ იქნება და, როგორც ხაზს უსვამენ, არავის არ აღუკვეთავს ღვინის შეტანა. მცდელობა არ იყო წინა ხელისუფლების მიერ, რომ შეეტანათ ეს პროდუქცია რუსულ ბაზარზე და ხელოვნურად ზღუდავდნენ.
მე ეს ვიცოდი დაახლოებით, ამიტომაც დარწმუნებით ვამბობდი ჩემს განცხადებებში, რომ ჩვენ გავხსნით რუსულ ბაზარს... ქართული პროდუქცია დაბრუნდებ რუსულ ბაზარზე, პირველ ეტაპზე ღვინო და შემდგომ ხილ-ბოსტნეულზეც მიდის უკვე მოლაპარაკებები”, - განაცხადა ივანიშვილმა. 
შესავალ სიტყვაში ივანიშვილმა ვრცლად ისაუბრა რუსული ბაზრის გახსნის თემაზე. 
”მე საარჩევნო პროცესში აღვნიშნე, რომ აუცილებლად გავხსნით რუსულ ბაზარს. რა მქონდა მხედველობაში. მქონდა მხედველობაში ის, რომ ხელისუფლება ყოფილი და დღევანდელი ოპოზიცია თვითონვე ზღუდავდა რუსული ბაზრის გახსნას და ეს მტკიცდება გუშინდელი მოვლენებით.
ბაზარი აუცილებელია და მათ რიცხვში რუსული ბაზარი ძალიან საინტერესოა ჩვენთვის სასოფლო სამეურნეო პროდუქციისათვის. ის დახმარებები, რაც ხორციელდება და განხორციელდება სოფლის მეურნეობის მიმართულებით, აუცილებლად ითხოვს გასაღების ბაზარს. გასაღების ბაზარზე ამ მხრივ რუსეთის ბაზარი... ძალიან საინტერესო იქნება სოფლის მეურნეობის პროექტის განხორციელებისათვის, რამდენადაც დამატებითი ბაზარი იქნება”, - აღნიშნა ივანიშვილმა. 
პრემიერის თქმით, იგი გეგმავს ფიტო და სხვა ტიპის კონტროლის დაბრუნებას სოფლის მეურნეების პროდუქტებზე, რომელიც წინა ხელისუფლებამ გააუქმა და ამის შედეგად, ”ძალიან ბევრი უხარიხო პროდუქცია” შემოდის ქვეყანაში გაუგებარ ფასებში”. კონტროლის დაწესებით, ივანიშვილი აცხადებს, რომ ქართულ პროდუქციას მეტი გასავალი ექნება შიდა ბაზარზე და გარე ბაზრებზეც, რუსეთის ბაზრის სახით, ასევე სხვა ბაზრებზეც. ამ კონტექსტში ივანიშვილმა ევროკავშირთან თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობის დამყარების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ მთავრობა აგრძელებს ადრე დაწყებულ მოლაპარაკებებს.  

კომენტარები