რუსული ბაზარი

ევროკავშირის სანქციებთან მიერთებისთვის, რუსეთი ქართული ღვინის აკრძალვას გეგმავს

made-in-italy.com

რუსეთი ევროკავშირის სანქციებთან მიერთების გამო, უკრაინის, საქართველოს, მონტენეგროს, ლიხტენშტეინისა და ნორვეგიის წინააღმდეგ საპასუხო ნაბიჯებს გადადგამს. შესაბამის განცხადებას დუმას საერთაშორისო ურთიერთობათა კომიტეტი მოამზადებს. კომიტეტის წევრის იან ზელინსკის თქმით, საქართველოს შემთხვევაში, საუბარი იქნება ღვინის და ბორჯომის აკრძალვაზე. 

"ჩვენ ვალდებული ვართ, რეაგირება ვიქონიოთ. ჩვენ, რა თქმა უნდა, რეკომენდაციას გავუწევთ ჩვენი მხრიდან ამ ზომების მიღებას." - ამბობს ზელისნკი.

დეპუტატის აზრით, იმ ქვეყნების მთავრობებმა, რომლებიც ევროკავშირის დადგენილებას მიუერთდნენ, შეცდომა დაუშვეს, რადგანაც ისინი რუსეთის საპასუხო სანქციებით უფრო მეტად დაზარალდებიან.

"ჩვენ მათი ღვინისა და მინერალური წყლების გარეშეც გავძლებთ. ჩვენ ამ პროდუქტების ჩვენი წყაროებიც გვაქვს . ჩვენ ყირიმი უნდა განვავითაროთ, იქ კარგი ღვინის წარმოებაა, ისეთის, რომელიც ქართულისგან განსხვავებით, ქიმიურ დანამატებს არ შეიცავს." - ამბობს პარლამენტარი.

დღესვე ევროკავშირის მთავარმა დიპლომატმა ფედერიკა მოგერინიმ განაცხადა, რომ ევროკავშირი ყირიმისა და სევასტოპოლის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს კიდევ ერთი წლით, 2017 წლის 23 ივლისამდე გაახანგრძლივებს. ამ სანქციებს ევროკავშირის არაწევრი ექვსი სახელმწიფო, მათ შორის საქართველოც უერთდება.

პირველ ივლისს კი, ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული ეკონომიკური სანქციები დამატებით ექვსი თვით, 2017 წლის 31 იავრამდე გაახანგრძლივა. ევროკავშირის ამ ნაბიჯის საპასუხოდ, რუსეთმა გააგრძელა აკრძალვა ევროკავშირში, აშშ-ში, კანადაში, ავსტრალიაში, ნორვეგიაში, უკრაინაში, ალბანეთში, მონტენეგროში, ისლანდიასა და ლიხტენშტაინში დამზადებულ სოფლის მეურნეობის პროდუქტებზე, - ამ სანქციებს რუსეთი ძალაში 2017 წლის 31 დეკემბრამდე დატოვებს.

ქართულ ღვინოსა და მინერალურ წყლებზე რუსული ემბარგო 2013 წლის მაისამდე მოქმედებდა. 2014 წელს კი, როსსელხოზნადზორმა რუსეთში ქართული ხახვის, ჭარხლის, სტაფილოს, ბულგარული წიწაკის, ნესვისა და საზამთროს იმპორტი აღადგინა.

კომენტარები