გუშინ, 4 თებერვალს, რადიო პალიტრის გადაცემა მოკლე ჩართვაში (FM 103.9) უშიშროების ყოფილმა მინისტრმა, ვალერი ხაბურძანიამ აშშ-ის პრეზიდენტზე ტერაქტის მცდელობაში ბრალდებულის საქმეზე ისაუბრა და ვოვა არუთინოვის დაკავების ოპერაციას "უდიდესი ჩავარდნა" უწოდა.
"ეს იყო უდიდესი ჩავარდნა და ალბათ ცალკე კეისად უნდა ასწავლონ ადამიანებს, თუ როგორ არ უნდა იმოქმედოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ თუ შესაბამისმა სპეცსამსახურმა ასეთი ტერაქტის დროს", - განაცხადა ხაბურძანიამ.
ხაბურძანიას ინფორმაციით, როდესაც არუთინოვმა ხელყუმბარა გადააგდო, ეს ფაქტი დაცვის თანამშრომელმა აღმოაჩინა. მან ამის შესახებ მინისტრ ვანო მერაბიშვილს მოახსენა. მერაბიშვილმა კი მომხდარი დამალა და ამერიკის მხარეს მხოლოდ მას შემდეგ გაუმხილა, რაც აშშ-ის პრეზიდენტი ქვეყანას ტოვებდა. ხაბურძანიამ განაცხადა, რომ მერაბიშვილის ამ ქმედებამ ამერიკელების დიდი გულისწყრომა გამოიწვია.
მერაბიშვილის არაპროფესიონალიზმზე, ხაბურძანიას თქმით, ისიც მიუთითებს, რომ ტერაქტის მცდელობის შემდეგ არუთინოვის (რომელსაც ხაბურძანიამ "მარტოხელა ტერორისტი" უწოდა) დასაკავებლად დაგეგმილი სპეცოპერაციის დროს დაიღუპა კონტრდაზვერვის თანამშრომელი ზურაბ ქვლივიძე.
"მაშინ დაიღუპა კონტრდაზვერვის თანამშრომელი ზურაბ ქვლივიძე. ის ჩემს დროსაც მუშაობდა და ეს ახალგაზრდა მუშაობდა სამეურნეო სამსახურში, ანუ მას არავითარი სპეციალური მომზადება არ ჰქონდა ტერორისტის დასაკავებლად. ჩემი ინფორმაციით, კონტრდაზვერვის თანამშრომელი არც უნდა ჩართულიყო ამ ტიპის ოპერაციაში. ის მაშინ ვოვა არუთინოვის გადასამოწმებლად შემთხვევით აღმოჩნდა და ამ შემთხვევით გასვლას კიდეც შეეწირა მისი სიცოცხლე", - განაცხადა ხაბურძანიამ.





