საკონსტიტუციო ცვლილებები

ხიდაშელი: თუ საკონსტიტუციო ცვლილებები არ დამტკიცდა, სააკაშვილმა შესაძლოა მთავრობა დაითხოვოს

"საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრისას დეპუტატები არჩევანს გააკეთებენ  სტაბილურობის სასარგებლოდ ან შესაძლებლობას გააჩენენ სამოქალაქო დაპირისპირებისთვის", - ჟურნალისტებთან შეხვედრისას საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა თინა ხიდაშელმა განაცხადა. 

ხიდაშელმა აღნიშნა, რომ თუ ეს საკონსტიტუციო ცვლილებები არ დამტკიცდა, მიხეილ სააკაშვილმა შესაძლოა პრემიერმინისტრი გადააყენოს და მთავრობა დაითხოვოს. მისი თქმით, ამ მოსალოდნელ პროცესებზე პასუხისმგებლობა ყველა იმ დეპუტატმა უნდა აიღოს, ვინც საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს არ დაუჭერს. 

"საპარლამენტო უმრავლესობის ფრაქციების დღევანდელი განცხადების აუცილებლობა გამოწვეულია იმით, რომ მომავალ კვირას არის კენჭისყრა საკონსტიტუციო ცვლილებებისა და კენჭისყრის წინ ეს ძალიან ჩვეულებრივი პროცედურაა. ჩვენ პირველი დღიდანვე ვამბობდით, რომ ამ საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის უმრავლესობა ხმებს არ აგროვებს. ეს არ არის იმ ტიპის ცვლილებები, რომელიც სჭირდება ქართულ ოცნებას, არამედ ეს სჭირდება ქვეყანას. დღევანდელი განცხადების ამოცანა იყო, რომ საზოგადოებამ კარგად იცოდეს, რაზეა საუბარი. საუბარია იმაზე, რომ ცვლილებები 2004 წელს შევიდა კონსტიტუციაში, რომელმაც სააკაშვილი დაკანონებულ დიქტატორად აქცია. ქართულ საზოგადოებას შევთავაზეთ პოლიტიკური კრიზისის აცილების კონსტიტუციური გზა, ყოველი დეპუტატი გააკეთებს საკუთარ არჩევანს", - განაცხადა თინა ხიდაშელმა. 

შეგახსენებთ, რომ დღეს ქართული ოცნების საპარლამენტო ფრაქციების თავჯდომარეებმა განცხადება გაავრცელეს, სადაც ოპოზიციას საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით დებატებში იწვევენ.

 

კომენტარები