პრემიერმინისტრ ბიძინა ივანიშვილისა და თავდაცვის მინისტრ ირაკლი ალასანიას შეხვედრა, სავარაუდოდ, რამდენიმე წუთში დაიწყება.
ბიძინა ივანიშვილი ბიზნესცენტრში უკვე მივიდა. მანამდე, რამდენიმე წუთით ადრე, ბიზნესცენტრში ირაკლი ალასანია შევიდა. როგორც ინტერპრესნიუსის კორესპონდენტი იუწყება, არც ალასანიას და არც ივანიშვილს მედიისთვის კომენტარი არ გაუკეთებიათ.
დღეს ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ირაკლი ალასანიას შეხვდება და "თავისუფალი დემოკრატების" რაიონული ორგანიზაციების წევრთა ქმედებებით დაინტერესდება. "მგონია, რომ "თავისუფალ დემოკრატებში" ხალხი შეგზავნილია "ნაციონალური მოძრაობიდან", - აღნიშნა პრემიერმა.
მისივე თქმით, არ ფიქრობს, რომ ამაში რაიმე დანაშაული "თავისუფალ დემოკრატებს" მიუძღვით. "მართლაც არსებობს ის კითხვები, რაც საგანელიძემ დასვა. გუშინ მე დამხვდა 20 დემონსტრანტი ჩემს სახლთან და მათ შევხდი. ისინი აბაშიდან არიან ჩამოსულები და მათ არ მოსწონთ ხელმძღვანელად არჩეული პირი და არ მოსწონთ "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" აბაშის რაიონული ორგანიზაციის არჩეული ლიდერი. გასაკვირი არის ის, რომ არც ერთი მათგანი "ქართული ოცნების" წევრი არ იყო. მათგან სამი იყო "თავისუფალი დემოკრატებიდან". საგანელიძეს აქვს ეჭვი და მე ვფიქრობ, რომ ეს იყო ინსპირირებული "ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან. მე არ ვფიქრობ, რომ აქ "თავისუფალი დემოკრატების" დანაშაულია, მე მგონია, რომ იქაც შეგზავნილია ხალხი "ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან და ისინი ახერხებენ სიტუაციის ინსპირირებას", - განაცხადა ივანიშვილმა.
საქმე სხვადასხვა რაიონებში, "ქართული ოცნების" პარტიული ორგანიზაციების დაფუძნებისას მომხდარ ინციდენტებსა და ჩაშლილ კონფერენციებს ეხება, სადაც დავით საგანელიძემ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტები და მათთან ერთად, "თავისუფალი დემოკრატების" წარმომადგენლები "ამოიცნო".




