გამოძიება

გიგი უგულავა საგამოძიებო სამსახურს "აღვირახსნილ პოლიტიკურ დევნაში" ადანაშაულებს

თბილისის მერმა გიგი უგულავამ სპეციალური ბრიფინგი გამართა და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური "აღვირახსნილ პოლიტიკურ დევნაში" დაადანაშაულა.  
"თბილსერვისჯგუფთან დაკავშირებული პროცესები აღვირახსნილი პოლიტიკური დევნის კლასიკური მაგალითია. რა ნიშნით არის დანიშნული ელდარ კურტანიძე პოლიციის აკადემიაში და რკინიგზაში - კოკა გუნცაძე, იგივე ლოგიკით ანალოგიური ბრალდება მათ უნდა წაუყენონ. მათი ხელფასები ათჯერ და ასჯერ აღემატება ამ ადამიანების ხელფასებს", - განაცხადა გიგი უგულავამ.
გიგი უგულავამ დამკვიდრებულ ტენდენციაზე ისაუბრა, რომ ნაცვლად დაპირებების შესრულებისა, ყოველდღიურად პოლიტიკური ოპონენტების დევნა მიმდინარეობს. 
"გამოძიებას მივმართავ, ნუ აწამებენ ამ ხალხს. მოვიდნენ და პირადად მე მივცემ ჩვენებას. დიახ, ეს ადამიანები მუშაობდნენ თბილსერვისჯგუფში მაშინ, როდესაც ბუნკერების გაუქმება ხდებოდა. ამას კი სჭირდებოდა კომუნიკაცია, რასაც აკეთებდა უამრავი ადამიანი. მხოლოდ იმას ვხედავთ, რომ ათავისუფლებენ ნაციონალური მოძრაობის აქტივისტებს და მათ ნაცვლად ნიშნავენ ქართული ოცნების აქტივისტებს, რომლებიც კლავიატურას კომპიუტერის მონიტორისგან ვერ არჩევენ", - განაცხადა თბილისის მერმა.
უგულავას განცხადებამდე რამდენიმე საათით ადრე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ბრიფინგი გამართა და დამატებით განცხადებაც გაავრცელა, რომელიც თბილისის ბიუჯეტიდან 5 მილიონზე მეტი ლარის გაფლანგვის ფაქტს ეხება.  
"გამოძიებით ამ დროისთვის დადგენილია, რომ 2009 წლის 31 დეკემბერს შპს თბილსერვის ჯგუფის იმჟამინდელმა გენერალურმა დირექტორმა გიორგი ხუჭუამ, მერიის დასუფთავების სამსახურის იმჟამინდელი უფროსის, ტარიელ ხიზანეიშვილის დავალებით, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის აქტივისტების მატერიალური უზრუნველყოფის მიზნით, ამ სამსახურში ფორმალურად შექმნა საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება, სადაც, 2 წლის განმავლობაში, ფიქტიურად დასაქმდა აღნიშნული პოლიტიკური პარტიის 764 აქტივისტი - ე.წ. პარტიული კოორდინატორი. უმეტესობას ამ სამსახურში არცერთი დღე არ უმუშავია, რადგან ისინი, როგორც წესი, უკვე დასაქმებულები იყვნენ სხვადასხვა საბიუჯეტო ორგანიზაციებში და პარალელურად პარტიულ საქმიანობასაც ეწეოდნენ, თუმცა დედაქალაქის ბიუჯეტისთვის განკუთვნილი ასიგნებებიდან მათ ხელფასის სახით 5 245 945 ლარი დაერიცხათ", - ნათქვამია საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში. 
გამიძიებამ ისიც დაადგინა, რომ თბილსერვის ჯგუფის საშტატო განრიგი და სახელფასო ფონდი დედაქალაქის მოქმედმა მერმა - გიგი უგულავამ დაამტკიცა. ხოლო სამსახურის ყოფილი უფროსი ტარიელ ხიზანეიშვილი, ამჟამად ვიცემერის თანამდებობას იკავებს. 
აღნიშნულ საქმეზე კომენტარი თბილისის მერიის იურიდიული სამსახურის უფროსმა ირაკლი აბესაძემაც გააკეთა. მისი თქმით, გაუგებარია ინფორმაციის გავრცელება ისეთი გამოძიების შესახებ, რომლის ფარგლებში არცერთი კონკრეტული პირისთვის ბრალი არ წაუყენებიათ. 
"ეს იმას ნიშნავს, რომ გამოძიებას არ გააჩნია საკმარისი მტკიცებულებები ქმედებაში დანაშაულის ნიშნის დასამტკიცებლად", - განაცხადა აბესაძემ.
მერიის იურიდიული სამსახურის უფროსი საგამოძიებო სამსახურს დეზინფორმაციაშიც ადანაშაულებს.   
"ვრცელდება შეგნებულად ტყუილი ინფორმაცია, თითქოს თბილსერვისჯგუფის საშტატო ნუსხა მერმა დაამტკიცა. ეს არის ტყუილი. ნუსხის დამტკიცება თბილისის მთავრობის კოლეგიალურმა ორგანომ უნდა მოახდინოს. აღნიშნული ნუსხის დამტკიცებაზე თანხმობა 2009 წელს სწორედ თბილისის მთავრობამ გასცა", - განაცხადა აბესაძემ.

კომენტარები