ინიციატივა

სააკაშვილი: კონსტიტუციაში უნდა ჩაიწეროს, რომ არ შევალთ არც ერთ პოსტსაბჭოთა გაერთიანებაში

პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საპარლამენტო უმცირესობის ახალ საკონსტიტუციო ინიციატივას მხარი დაუჭირა.
"ეს ის ცვლილებებია, რომელსაც ამჯერად ნამდვილად ეყოფა ხმები, რაც არ ჰყოფნის ხოლმე სხვა ცვლილებებს. საქართველოს კონსტიტუციაში უნდა ჩაიწეროს, რომ საქართველო არ შევა არცერთ პოსტსაბჭოთა გაერთიანებაში. რამდენიმე განცხადება გაკეთდა, რომ უნდა მოხდეს საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსის არმენიზაცია. კერძოდ, სომხეთში ვიზიტისას ითქვა, რომ თანაბარი დისტანცია უნდა დავიჭიროთ როგორც დასავლეთისგან, ისე რუსეთისგანაც, რაც აქამდე საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსი არ იყო. ამ სიტუაციაში საქართველოს კონსტიტუციაში ისეთი ცვლილების შეტანა, რომელსაც ვერ შეცვლის ვერცერთი პარლამენტი, არის ძალიან პრინციპული მომენტი", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
ამასთან, მან ერევანი-თბილისი-სოხუმის რკინიგზის შესაძლო აღდგენის საკითხზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ შექმნილ ვითარებაში ეს საქართველოს ეროვნულ ინტერესებს ეწინააღმდეგება.
"დღეს ერევანში გაკეთდა განცხადება, რომ უკვე ტექნიკურ დეტალებს გავდივართ აფხაზეთის რკინიგზის გახსნასთან დაკავშირებით. აფხაზეთის რკინიგზის გახსნა იქნება არა მხოლოდ ლეგალიზაცია რუსეთის მიერ აფხაზეთის ოკუპაციის, არამედ ამით პირდაპირ პლაცდარმს მივცემთ რუსეთს კავკასიის დაპყრობისთვის. ეს დღევანდელ ვითარებაში პირდაპირ ეწინააღმდეგება საქართველოს ეროვნულ ინტერესებს", - აღნიშნა პრეზიდენტმა.
პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ უმცირესობის ამ ინიციატივას უმრავლესობაც გაიზიარებს და მორიგ პროპაგანდისტულ ჟესტად არ ჩათვლის. 

კომენტარები