ვერანაირი კომისია ან რაიმე სხვა ახლადშექმნილი უწყება ვერ მოახდენს განაჩენის გადასინჯვას, თუ ამას სასამართლოს ახალი გადაწყვეტილება არ მოჰყვება. ამის შესახებ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კონსტანტინე კუბლაშვილმა განაცხადა.
კუბლაშვილი იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვით, მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი კომისია შეიქმნება.
"რამდენადაც ვიცი, ამ კომისიამ უნდა იმუშაოს ძველ განაჩენებზე და არა ახალზე. დეტალები ნამდვილად არ ვიცი. ერთი რამ კი ყველასათვის ცხადი უნდა იყოს, რომ სასამართლო განაჩენი უნდა გადაისინჯოს და შეიცვალოს მხოლოდ სასამართლოს მიერ. ვერანაირი კომისია, თუ რაღაც სხვა ტიპის ახლადშექმნილი უწყება ვერ მოახდენს გადასინჯვას, თუ ამას თან არ ახლავს სასამართლოს ახალი გადაწყვეტილება", - განაცხადა კუბლაშვილმა.




