დოპინგი

დოპინგის გამოყენების გამო 2-წლიანი დისკვალიფიკაცია 9 ქართველ სპორტსმენს მიესაჯა

როგორც ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოს ანტიდოპინგური სააგენტოს თავმჯდომარემ, პალიკო კასრაძემ განაცხადა, 2011-2012 წლებში აკრძალული სამედიცინო პრეპარატი 9 ქართველმა სპორტსმენმა გამოიყენა. 

ინტერპრესნიუსის ცნობით, დასახელდნენ კონკრეტული სპორტსმენებიც: ძიუდოისტი თენგიზ პაპოშვილი, თავისუფალი სტილით მოჭიდავე ბესარიონ გუჩაშვილი, ძიუდოისტი ირაკლი ცირეკიძე, მკლავჭიდელი მერაბ კაკაბაძე, ასევე მკლავჭიდში მოასპარეზე ირაკლი გამთენაძე, შოთა ომარაშვილი (ფაუერლიფტინგი), მორაგბე მიხეილ სუჯაშვილი, მძლეოსანი ბენიკ აბრამიანი და ასევე, გიორგი შეყლაშვილი (ფაუერლიფტინგი).

სპორტსმენებს დაეკისრათ ორწლიანი დისკვალიფიკაცია. ასევე, ჩამოერთმევათ ყველა ის ტიტული, რომელიც ამ პერიოდში მოიპოვეს. კასრაძის თქმით, ირაკლი ცირეკიძეს სასჯელი უკვე მოხდილი აქვს ე.წ. დოპინგის მიღების გამო.

"დოპინგის გამოყენების ფაქტების მზარდი და მეტად საგანგაშო სტატისტიკა გვარწმუნებს, რომ აუცილებელია გაძლიერდეს და გაფართოვდეს ანტიდოპინგური საქმიანობა; გატარდეს კონკრეტული პრევენციული ზომები, რათა მაქსიმალურად გამოირიცხოს აკრძალული ნივთიერებების და პროცედურების გამოყენება. ასევე, აუცილებლად მიგვაჩნია დოპინგის მიღების ყოველი ფაქტის გამომზეურება, ადეკვატური სანქციის დაწესება და ამ თემაზე ფართო დისკუსია", - განაცხადა კასრაძემ.

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი კი, თავის მხრივ, მოუწოდებს სპორტულ ფედერაციებს და კლუბებს, სპორტული გუნდების ექიმებს, მწვრთნელებსა და სპორტსმენებს, ზუსტად შეასრულონ მსოფლიოს ანტიდოპინგური კოდექსის მოთხოვნები და დაიცვან პატიოსანი შეჯიბრებების წესები.

კომენტარები