დსთ

მთავრობის წარმომადგენლები დსთ-ში დაბრუნებასთან დაკავშირებით რუსეთთან კონტაქტს უარყოფენ

"მინდა ოფიციალურად განვაცხადო, რომ არანაირი კონტაქტი რუსულ მხარესთან საქართველოს დსთ-ში დაბრუნებასთან დაკავშირებით არ არსებობს და არ მიმდინარეობს. ასე რომ, მედიასაშუალებებით გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს. ჩვენი საგარეო პოლიტიკური კურსი გაცხადებულია და ესაა ქართველი ხალხის არჩევანი - ევროატლანტიკური ინტეგრაცია", - აღნიშნული განცხადება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, დავით ზალკალიანმა სამინისტროს Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე გაავრცელა. 
რუსული მედიით გავრცელებულ ინფორმაციას ასევე გამოეხმაურა საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი და აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობას განსაზღვრული აქვს ის ორგანიზაციები, რომლის წევრობაც სურს. 
"ეს არის ევროკავშირი და ნატო. ამ პრიორიტეტებს ნამდვილად არ შევიცვლით და გავაგრძელებთ ამ მიმართულებით მუშაობას", - განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა ჟურნალისტებთან საუბრისას. 
შეგახსენებთ, რომ დღეს, 29 იანვარს, მედიით გავრცელდა რუსეთის საგარეო უწყების დსთ-ის ქვეყნების პირველი დეპარტამენტის დირექტორის,  მიხაილ ევდოკიმოვის განცხადება, რომელიც ადასტურებს, რომ საქართველოს ხელმძღვანელობასთან დსთ-ში დაბრუნებასთან დაკავშირებით კონტაქტები უკვე დაწყებულია. 

კომენტარები