საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ვაჰაგნ ჩახალიანის გათავისუფლებასთან დაკავშირებით სპეციალური განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ ეს პრემიერ ივანიშვილის ძალიან მძიმე შეცდომაა.
"მინდა, განცხადება გავაკეთო კრიმინალის, საქართველოს სახელმწიფოს მტერ ჩახალიანის გათავისუფლებასთან დაკავშირებით. როგორც გაირკვა, ეს ადამიანი გაათავისუფლეს სომხეთის კათალიკოსის, გარეგინ მეორის თხოვნით, რომლითაც მან მიმართა საქართველოს პრემიერმინისტრს. მე მოვისმინე პრემიერმინისტრის განმარტებები ამის თაობაზე და სრულიად არადამაკმაყოფილებად ჩავთვალე. საქართველოს პრემიერმინისტრი ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას იმაზე, რა გადაწყვეტილებაც მან ერთპიროვნულად მიიღო და ესაა ძალიან მძიმე პასუხისმგებლობა საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების წინაშე. მან, მე ვფიქრობ, დაუშვა ძალიან მძიმე გადაცდომა, რომელიც ძალიან მძიმედ შემოუბრუნდება ქართველ ერს და საქართველოს სახლმწიფოებრიობას უახლოესი კვირების, წლების განმავლობაში", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
პრეზიდენტის თქმით, ჩახალიანი საქართველოს სახელმწიფოებრიობის შიდა მტერია და უშუალოდ რუსეთის სპეცსამსახურებს ექვემდებარება.
"არ მინდა, ხაზი გავუსვა მის ეთნიკურ წარმომავლობას, რადგან ამას მნიშვნელობა არ აქვს. ჩვენ გვყავს ბევრი ეთნიკურად სომეხი მოქალაქე, რომელიც ბოლო წლებში იარაღით ხელში იცავდა საქართველოს დამოუკიდებლობას, მაგრამ ეს კაცი არის ძალიან კონკრეტული წარმომადგენელი არა სომხეთის, არამედ რუსეთის სპეცსამსახურების - მისი პირდაპირი რეზიდენტი, წარმომადგენელი საქართველოში. მან დაარბია საქართველოს ეკლესიის ეპარქია ახალქალაქში, მან დაარბია ქართული უნივერსიტეტი ახალქალაქში, დაარბია საქართველოს გამგეობა ახალქალქში და ქართული პოლიცია. ის ეწინააღმდეგებოდა საქართველოს შეიარაღებული ძალების გადაადგილებას ახალქალაქში და რუსეთის ბაზის გასვლას საქართველოს ტერიტორიიდან. ის არის საქართველოს სახელმწიფოებრიობის შიდა მტერი. ჩახალიანის ერთადერთი პარალელი, რაც მახსენდება, არის ვლადისლავ არძინბა. ეს არის ამ მასშტაბის კრიმინალი, დამნაშავე და ეს ჩვენმა სამართალდამცავმა სტრუქტურებმა იცოდნენ - იცოდა პარლამენტმა, იცოდა ჯგუფმა, რომელიც "ამნისტიის შესახებ" კანონზე მუშაობდა, მათ ინფორმაცია ჩვენ მივაწოდეთ. ეს იყო პრემიერმინისტრის გადაწყვეტილება და მომიტევოს ყველამ, მათ შორის მისი პოლიტიკის თაყვანისმცემლებმა, მაგრამ მე გამოვთქვამ ვარაუდს, რომ ეს ნაბიჯი ნაკარნახევი იყო კონკრეტული უცხოური ძალის საამებლად. მას უნდა ახსოვდეს, რომ ისაა საქართველოს პრემიერმინისტრი და საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე უნდა მოქმედებდეს", - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.




