სასამართლო

ოქრუაშვილს კიდევ ერთი ბრალდება მოეხსნა

თბილისის საქალაქო სასამართლოში თავდაცვის ყოფილი მინისტრს ირაკლი ოქრუაშვილს და მასთან ერთად შვიდ ბრალდებულს შეიარაღებული ბანდფორმირების ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით ბრალი მოეხსნათ.

როგორც ოქრუაშვილის ადვოკატმა ზვიად კორძაძემ განაცხადა, სასამართლოზე ოქრუაშვილმა დეტალურად აღწერა ის პერიოდი, როდესაც საქართველოში აპირებდა ჩამოსვლას. „სასამართლოზე ოქრუაშვილმა კარგად გამოაჩინა ის, რომ არავითარ შეიარაღებული ბანდფორმირების ჩამოყალიბებას ადგილი არ ჰქონდა“, - განაცხადა კორძაძემ.

მისივე თქმით, სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ პროკურორმა მოითხოვა შესვენება, რის შემდეგაც მან დააყენა შუამდგომლობა ბრალის მოხსნის შესახებ, როგორც ოქრუაშვილის, ასევე სხვა პირების მიმართ, შესაბამისად მათ მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყდა.

ოქრუაშვილს სულ ორი ბრალდება მოეხსნა, ე.წ. ჯეოსელის და ფულის გათეთრების საქმეებზე. რაც შეეხება სამსახურეობრივი უფლებამოვალეობის გადაჭარბების საქმეს, მორიგი პროცესი 24 იანვარს დაინიშნა. ოქრუაშვილის ადვოკატს იმედი აქვს, რომ ბრალი მისი დაცვის ქვეშ მყოფს ამ შემთხვევაშიც მოეხსნება.

 

კომენტარები