პარლამენტის აკრედიტაციის სისტემა

პარლამენტის აკრედიტაციის სისტემაში ცვლილებები შედის - შალვა პაპუაშვილი

ივანიშვილის წარმომადგენლის, შალვა პაპუაშვილის ცნობით, საქართველოს პარლამენტის აკრედიტაციის სისტემაში ცვლილებები შედის. დღევანდელ ბრიფინგზე მან განაცხადა, რომ ცვლილებებით საქართველოს პარლამენტის აკრედიტაციის სისტემა "დაუახლოვდება ევროპარლამენტის სისტემას."

აქამდე საქართველოს პარლამენტში აკრედიტაციის წესების დარღვევისთვის ჟურნალისტს პირველ ჯერზე 1 თვით უჩერებდნენ აკრედიტაციის, განმეორების შემთხვევაში კი 6 თვით. ცვლილებების შედეგად, წესების განმეორებით დარღვევა აკრედიტაციის შეჩერებას 1 წლამდე ვადით გამოიწვევს.

გარდა ამისა, აღნიშნული სანქციების გამოყენება აქამდე მხოლოდ ჟურნალისტის წინააღმდეგ შეიძლებოდა, ცვლილებების მიხედვით კი, შესაძლებელი გახდება, რომ მთლიანად მედიას გაუუქმდეს აკრედიტაცია.

"დღეს აკრედიტაციის სისტემაში შევა გარკვეული ცვლილებები, ჩემს ბრძანებაში. იცით, რომ დღეს საქართველოს პარლამენტში აკრედიტაციის წესების დარღვევისთვის პირველ ჯერზე არის 1 თვე აკრედიტაციის შეჩერება, განმეორებთ შემთხვევაში არის 6 თვე აკრედიტაციის შეჩერება. ნახეთ, რომ ევროპარლამენტში 1-წლიანი შეჩერებაც არსებობს, ამიტომ დავაახლოებთ ჩვენ საქართველოს პარლამენტის აკრედიტაციის სისტემას ევროპარლამენტის სისტემასთან და პირველ ჯერზე იქნება 1 თვე, მეორე ჯერზე იქნება 1 წლამდე აკრედიტაციის შეჩერების შესაძლებლობა. ეს ერთი.

მეორე, იცით, რომ საქართველოს პარლამენტში აკრედიტაციის წესების დარღვევის შემთხვევაში მხოლოდ ჟურნალისტის წინააღმდეგ გამოიყენებოდა სანქცია 1 თვე ან 6 თვე და ვნახეთ ჩვენ, რომ ევროპარლამენტში არ მხოლოდ ჟურნალისტის, არამედ მედიის მიმართაც შესაძლებელია სანქციის გამოყენება. ამიტომ ჩევნ დავაახლოებთ საქართველოს პარლამენტის აკრედიტაციის სისტემას ევროპულ სისტემასთან და აქაც დარღვევის სიმძიმის და სიხშირის გათვალისწინებით შესაძლებელი იქნება, რომ გაუუქმდეს მთლიანად მედიას აკრედიტაცია 1 წლამდე ვადით. [...] ამ მხრივ, საქართველოს პარლამენტის აკრედიტაციის სისტემა, ერთი მხრივ, დაახლოვდება, მაგრამ ამავე დროს, მაინც უფრო დახვეწილი იქნება კიდევ, ვიდრე ეს ევროპარლამენტის აკრედიტაციის სისტემაა." - თქვა პაპუაშვილმა.

ივანიშვილის წარმომადგენელმა აგრეთვე აღნიშნა, რომ ევროპარლამენტისგან განსხვავებით, ისინი ჯერ არ აპირებენ რესპონდენტისგან წინასწარი თანხმობის მოპოვების საჭიროების დამატებას.

"მესამე საკითხი, რაც ჩვენ ვიხილეთ ევროპარლამენტის ბოლო ინციდენტის დროს, იყო, რომ მითითება ჰქონდათ, რომ წინასწარი თანხმობა არ ჰქონდა აღებული ჟურნალისტს ინტერვიუსთვის, ერთ-ერთ საფუძვლად ეს იყო. ჩვენ წინასწარი თანხმობის საჭიროება არ გვაქვს დღემდე... ამ მხრივ, ამ მკაცრ მიდგომას ევროპარლამენტისა, ჯერ-ჯერობით ყოველ შემთხვევაში, საქართველოს პარლამენტის აკრედიტაციის სისტემაში არ გადმოვიღებთ." - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ 13 მაისს, პროპაგანდისტულმა სამთავრობო მედიამ, TV იმედმა გაავრცელა განცხადება, რომ ტელეარხმა ოფიციალური წერილი მიიღო ევროპარლამენტისგან, რომლის მიხედვითაც, "იმედს" 1 წლის განმავლობაში ევროპის პარლამენტში საქმიანობა ეკრძალება. მედიის ცნობით, გადაწყვეტილება იმედის კვირაში გასულ რეპორტაჟის შემდეგ მიიღეს.

ამასთან ერთად, ტელეარხის ინფორმაციით, მოლდოვამ სამ ქართულ მაუწყებელს აკრედიტაციაზე უარი უთხრა და "TV იმედი, რუსთავი 2 და POSTV ვერ გააშუქებენ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის სესიას", სადაც ივანიშვილის საგარეო საქმეთა სამინისტროც იქნება წარმოდგენილი.

კომენტარები