პრეზიდენტის მიერ მთავრობისთვის შეთავაზებულ კანონპროექტზე, რომელიც სამხედრო მოსამსახურეებისთვის სოციალური გარანტიების შექმნას ითვალისწინებს, საქართველოს თავდაცვის მინისტრის მრჩეველმა, ვაკო ავალიანმა კომენტარი გააკეთა. ავალიანის თქმით, პრეზიდენტს, სულ მცირე, 8 წელი დააგვიანდა:
"საქართველოს მთავრობამ 2012 წლის 13 დეკემბერს მიიღო გადაწყვეტილება, რომ შეიქმნას სპეციალური სამთავრობო კომისია, რომელიც იზრუნებს ვეტერანების პირობების გაუმჯობესებაზე. აქ საუბარია სრულ სოციალურ პაკეტზე, არა მხოლოდ პენსიებზე, არამედ დაზღვევებზეც. შესაბამისად, პრეზიდენტმა გაიმეორა საქართველოს მთავრობის განკარგულების მხოლოდ მცირედი ფრაგმენტი, როდესაც მან გააკეთა განცხადება, რომ სამხედროებს პენსიები უნდა გაეზარდოს. საქართველოს პრეზიდენტს, სულ მცირე, 8 წელი დააგვიანდა. მთელი ამ ხნის განმავლობაში ძველ ხელისუფლებას რეალურად არაფერი გაუკეთებია ვეტერანებისთვის და მეორე, საქართველოს პრეზიდენტი დღეს ამავდროულად საუბრობს იმაზე, რომ ქვეყანაში კრიზისია, თუმცა იმავე დროს აცხადებს, რომ ახლა მთავრობას აქვს იმის საშუალება, რომ გაიზარდოს პენსიებიც. დიახ, ნამდვილად, საქართველოს მთავრობა აპირებს პენსიების გაზრდას და მთლიანად მთელი სოციალური პაკეტის გაუმჯობესებას", - განაცხადა ავალიანმა.




