საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, ქვეყნის მთავრობის განცხადებები სოხუმი-თბილისი-ერევნის რკინიგზის აღდგენასთან დაკავშირებით საგანგაშო ელემენტების შემცველია. პრეზიდენტის რეზიდენციაში გამართულ ბრიფინგზე მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა:
"აფხაზეთზე გამავალი რკინიგზა საქართველოს, რუსეთის გავლით, ევროპასთან აკავშირებდა. საკმაოდ მოძველებული რკინიგზაა. სხვა რკინიგზა არ გვქონდა, მაგრამ როცა რუსეთმა დაბლოკა, აზერბაიჯანის გავლით ავაშენეთ ბევრად სწრაფი რკინიგზა და საქართველოს რუსეთის გავლით ევროპასთან დაკავშირების აუცილებლობა აღარ გააჩნია. ამ რკინიგზის ამოქმედება მხოლოდ რუსეთს აწყობს, რადგან ყარსი-ახალქალაქის რკინიგზა არის ტვირთების გადამზიდავი და ტრანსციმბირული მაგისტრალის დიდი კონკურენტია. რუსეთს ამ სატვირთო მაგისტრალის მნიშვნელობის დაკნინება და მოსპობა სურს. მეორე, სურს ამ რკინიგზის გახსნით მოახდინოს აფხაზეთის ოკუპაციის ფაქტობრივად დაკანონება. ახლა, როცა რუსეთმა მიითვისა აფხაზეთის რკინიგზა და ფლობს სომხეთის რკინიგზას, პრაქტიკულად ამ გახსნის სტატუსი იქნება მიუღებელი, რადგან რუსეთი აფხაზეთს დამოუკიდებელ სახელმწიფოდ განიხილავს. ამას არავინ აღიარებს და ამ ტიპის ქმედებებით ხდება რუსეთისგან იმის მოტივაცია, რომ აფხაზეთის ოკუპაცია დაკანონდეს. არცერთი ნაბიჯით საქართველომ ამას ხელი არ უნდა შეუწყოს, ვიდრე არ გადაწყდება აფხაზეთის დეოკუპაციის საკითხი", - განაცხადა პრეზიდენტმა.
პრეზიდენტის განცხადებით, საქართველოს მთავრობას ან წარმოდგენა არ აქვს საქართველოს გეოპოლიტიკურ ინტერესებზე, ან შეგნებულად უთხრის ძირს ქვეყნის საგარეო პოლიტიკურ ვექტორს, მის დამოუკიდებლობასა და მომავალს, მოქმედებს რა პირდაპირ ოკუპანტის დაკვეთით.
"ეს არის კატეგორიული განცხადება, მაგრამ ვალდებული ვარ, ხალხს თვალებში ნაცარი არ შევაყარო და ვუთხრა სიმართლე. სიმართლე კი არის ასეთი. ჩვენ გვინდა სომხეთთან კარგი ურთიერთობა, ბევრი გავაკეთეთ სომხური ტვირთების გასატარებლად, ეს ხდებოდა ფოთში, ამისთვის შენდებოდა ლაზიკის პორტი, რომ ტვირთებს ემოძრავა ყველა მიმართულებით, გავხსენით ლარსის გზა და სომხეთის იზოლაცია საქართველოს ინტერესში არასოდეს ყოფილა, მაგრამ ერთია სომხეთთან კარგი ურთიერთობა და მეორე - ჩვენი ოკუპანტის სტრატეგიული ამოცანის შესრულება", - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.
პრეზიდენტის თქმით, თურქეთთან სერიოზულად გართულებული ურთიერთობის ფონზე, შესაძლოა საფრთხე დაემუქროს საქართველოს NATO-ში გაწევრიანების ისტორიულ შანსს:
"თურქეთთან სერიოზულად გართულებული ურთიერთობა გვაქვს. ეს ჩანს ბევრ რამეში, მათ შორის თურქული ინვესტიციების შეჩერებაში. თურქეთი არის ჩვენი მხარდამჭერი NATO-ში ინტეგრაციის საკითხში, რადგან მისი მხარდაჭერის გარეშე ეს წარმოუდგენელია. NATO-ს გეგმით, უნდა გყავდეს ძლიერი მეზობელი, პირველი დაცვის ხაზის როლში, ვიდრე ამერიკული ქოლგა ამოქმედდება. თურქეთმა დაიწყო ამ სურვილის გამოთქმა და მასთან რაიმე სახის პრობლემის შექმნით ვკარგავთ NATO-ში შესვლის ისტორიულ შანსს. აზერბაიჯანი ასევე არის საქართველოს სტრატეგიული მოკავშირე და დაუშვებელია ასეთი საკითხების ნაჩქარევად წამოყენება მეზობლებთან კონსულტაციების გარეშე. არსებობს მთავარი საკითხი ვის ინტერესებში შეიძლება იყოს ეს - ეს არის მხოლოდ ერთი მოქმედი მეზობელი, რომელიც იმყოფება ჩვენს ჩრდილოეთით და ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიაზე. იმედია, ეს გაუაზრებელი განცხადებაა და თუ ეს გააზრებულია, მაშინ საქმე გვაქვს ძალიან მძიმე მოვლენასთან", - აღნიშნა სააკაშვილმა.





