მთავარი პროკურატურა

პროკურატურა პოლიტდევნილებს მოუწოდებს, დროებით თავი შეიკავონ ქვეყანაში დაბრუნებისგან

დღეს, 16 იანვარს, მთავარმა პროკურატურამ მიმართა პარლამენტის მიერ პოლიტიკური ნიშნით დევნილად გამოცხადებულ პირებს, რომლებიც ძებნაში იმყოფებიან, დროებით თავი შეიკავონ ქვეყანაში დაბრუნებისგან, რათა არ მოხდეს მათი დაპატიმრება.
პროკურატურის ოფიციალურ გვერდზე განთავსებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ "ამნისტიის შესახებ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის 22-ე მუხლის თანახმად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან და სასჯელისაგან თავისუფლდებიან ის პირები, რომელთაც საქართველოს პარლამენტის 2012 წლის 5 დეკემბრის დადგენილებით მინიჭებული აქვთ პოლიტიკური მოტივით დაპატიმრებული ან პოლიტიკური ნიშნით სისხლისსამართლებრივად დევნილი პირის სტატუსი. ხსენებული დადგენილებით პოლიტიკური ნიშნით დევნილ პირად აღიარებულია 25 პირი (წითელი ცირკულარით იძებნებოდა 9 პირი, დღეისათვის მათ მიმართ წითელი ცირკულარით ძებნა მოხსნილია),   რომელთა მიმართ გამოცხადებული ძებნა დღეის მდგომარეობით კვლავ ძალაშია "დსთ"-სა და  ეროვნულ დონეზე. სახელმწიფოთაშორისო და ეროვნულ დონეზე ძებნის მოსახსნელად აუცილებელია გარკვეული პროცედურის დაცვა".
პროკურატურა ამნისტიის შესახებ კანონის 24-ე მუხლზე დაყრდნობით განმარტავს, რომ   კანონის ძალაში შესვლიდან გათვალისწინებულია ერთკვირიანი ვადა, რომლის ფარგლებშიც უნდა მოხდეს პოლიტიკური ნიშნით სისხლისსამართლებრივად დევნილ პირთა მიმართ აღკვეთის ღონისძიების გაუქმება ან მათი სასჯელისაგან გათავისუფლება. პროკურატურა სწორედ ამ ერთკვირიან ვადაში იძლევა დაპირებას, რომ "უზრუნველყოფს მითითებული პროცედურების განხორციელებას". 
"ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იმისათვის რათა თავიდან იქნეს აცილებული ხსენებული პირების უცხო სახელმწიფოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ დაკავება, იმისათვის, რომ საქართველოში დაბრუნებისას მათ არ შეექმნათ დაბრკოლებები, საქართველოს მთავარი პროკურატურა მოუწოდებს ხსენებულ პირებს, დროის გარკვეული მონაკვეთის განმავლობაში თავი შეიკავონ საქართველოში დაბრუნებისგან. მას შემდეგ რაც ხსენებულ პირთა მიმართ დასრულდება კანონით გათვალისწინებული  პროცედურები, საქართველოს მთავარი პროკურატურა დამატებით ინფორმაციას  გაავრცელებს", - ნათქვამია  მთავარი პროკურატურის განცხადებაში.

კომენტარები