ვანო მერაბიშვილი

ვანო მერაბიშვილი: საქართველოში საბიუჯეტო კრიზისი დაიწყო

საქართველოში საბიუჯეტო კრიზისი დაიწყო , - ამის შესახებ ნაციონალური მოძრაობის გენერალურმა მდივანმა, ვანო მერაბიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყანაში შემცირებულია ეკონომიკური აქტივობა, წარმოება და ვაჭრობა. მისივე განმარტებით, გაიზარდა ვალების ოდენობა საქართველოს ეკონომიკურ სუბიექტებს შორის.

როგორც მერაბიშვილმა აღნიშნა, კრიზისის შესანიღბად, მთავრობამ ''შევარდნაძის ეპოქაში არსებული პრაქტიკა -  გადასახადების წინასწარ გადახდა აღადგინა''.

ვანო მერაბიშვილმა საბიუჯეტო კრიზისის გამომწვევი სამი ძირითადი მიზეზი დაასახელა: ბიზნესის შევიწროება, ინფრასტრუქტურული პროექტების შეჩერება და ეკონომიკური განვითარების კონკრეტული გეგმის არქონა.

''მიმდინარეობს ყოველდღიური მასობრივი შემოწმება ბიზნესების, როგორც ფინანსური პოლიციის, საგადასახადო ინსპექციისა და პროკურატურის, ისე, რაც ყველაზე საგანგაშოა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ. მე მინდა შეგახსენოთ, რომ ჩემი შინაგან საქმეთა მინისტრობის დროს შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა დეპარტამენტს აკრძალული ჰქონდა გამოძიება და შემოწმება ნებისმიერი ბიზნესის. ხაზი მინდა გავუსვა, რომ ჩემი მინისტრობის დროს არცერთი ბიზნესმენი და ბიზნესი არ შემოწმებულა საგადასახადო ან სხვა ტიპის დარღვევებთან დაკავშირებით", - განაცხადა ვანო მერაბიშვილმა. 

მისივე თქმით, აღნიშნულ ფაქტებთან დაკავშირებით მუშაობა მიმდინარეობს და 22 იანვარს მედიას ყველა მონაცემი გადაეცემა. 

კომენტარები