საქართველოს პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი სტუდია ობიექტივს დასავლეთთან ურთიერთობის შესახებ ესაუბრა და აღნიშნა, რომ ახალმა მთავრობამ შეძლო, მოეგერიებინა ევროპისა და ამერიკის შეერთებული შტატების ზეწოლა და არ მიიღო კოჰაბიტაცია ისე, როგორც ეს სააკაშვილს სურდა.
"მიუხედავად ევროპისა და ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან დიდი ზეწოლისა, ჩვენ მაინც არ გავიგეთ კოჰაბიტაცია ისე, როგორც სააკაშვილის უნდოდა, გაგვეგო. საკმაოდ დიდ დროს და ემოციას ვხარჯავდი საერთაშორისო საზოგადოების ზეწოლაზე რეაგირებისთვის, თუმცა ჩვენ დავიცავით ჩვენი პრინციპული პოზიცია. მათ გამოიყენეს ყველა ბერკეტი საერთაშორისო საზოგადოებაზე ზემოქმედებისთვის, ყველა ის ბერკეტი, რომლითაც ისინი ყელყელაობდნენ. ამით ისინი პირველ რაუნდში გავიდნენ და მოახერხეს უცხოურ პრესაზე ზემოქმედება. მეორე ეტაპისთვის ამზადებდნენ მთავრობის დათხოვნას, თუმცა ამის დევალვაციაც მოვახდინე და დროულად გავაკეთე განცხადებები. ჩვენ განვაიარაღეთ მიხეილ სააკაშვილი და მათ ბერკეტები აღარ დარჩათ", - განაცხადა ივანიშვილმა.
პრემიერმინისტრმა დასავლეთთან კავშირების გაბმასა და მათთვის ინფორმაციის მიწოდების პრობლემებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის ამისთვის ძალიან ცოტა დროს ხარჯავს.
"ჩვენ არ გვაქვს სისტემა, ეს ხალხი ამას 9 წლის განმავლობაში აკეთებდა და ამაზე იყვნენ ძირითადად გადართული და ყველაზე კარგად ეს გამოსდიოდათ. მათი სისტემა წარმატებით მუშაობს და ავრცელებენ არასწორ ინფორმაციებს. ჩვენ არც ვაპირებთ მსგავსი სისტემის აგებას სხვათა შორის. სამჯერადი, ძალიან ხანგრძლივი თათბირი გვქონდა ამასთან დაკავშირებით, მე აბსოლუტურ უმცირესობაში ვიყავი, ვერცერთმა ვერ დამარწმუნა, რომ ჩვენ რაღაც სისტემები უნდა ავაგოთ, რომ ვინმეს დავანახოთ რა კარგი ხალხი ვართ. საქმით უნდა ვაჩვენოთ. არსებულმა სისტემებმა უნდა მოახერხონ ინფორმაციის მიწოდება მათთვის, საელჩოებმა უცხოეთში. მე არ მივიჩნევ რომ ლობისტები უნდა ვიქირაოთ და თავს მოვახვიოთ სენატორებს კონგრესში ჩვენი რაღაცები, მე ამის რწმუნება ვერ მივიღე", - განაცხადა ივანიშვილმა.





