აშშ-ის საელჩო საქართველოში ამერიკულ გამოცემა American Thinker-ში გამოქვეყნებულ პამელა გელერის ახალ სტატიას გამოეხმაურა. საელჩოს თქმით, უსაფუძვლოა ინფორმაცია, თითქოს აშშ-ის ელჩმა საქართველოში პრემიერ ივანიშვილს პალესტინის აღიარება ურჩია. მსგავსი სტატია გელერმა გასული წლის დეკემბერშიც გამოაქვეყნა.
"პრემიერმინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა და გაბრიელ მირილაშვილმა, რომელიც მოხსენიებული იყო სტატიის წყაროდ, კატეგორიულად უარყვეს სტატიაში მოყვანილი ფაქტი. გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე პალესტინის რეზოლუციასთან დაკავშირებით შეერთებული შტატების პოზიცია საყოველთაოდ ცნობილია. საელჩოს შესაბამისი ინფორმაცია გავრცელებული აქვს დიპლომატიური არხებით", ნათქვამია აშშ-ის საელჩოს განცხადებაში.
დეკემბერში სტატიის გამოქვეყნების შემდეგ ივანიშვილმაც და მირილაშვილმაც უარყვეს გელერის მიერ გავრცელებული ინფორმაცია. მაშინ სტატიის ავტორი იმასაც ამტკიცებდა, რომ აშშ-ის ელჩისა და ივანიშვილის შეხვედრის ოფიციალური აუდიოჩანაწერიც არსებობდა. თუმცა არც ეს ინფორმაცია დადასტურდა.





