პროკურატურა

ბაჩო ახალაიას ადვოკატს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში ადანაშაულებენ

თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალაიას ადვოკატს დავით დეკანოიძეს, პროკურატურა სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში ადანაშაულებს. ამის შესახებ პრაიმ-ტაიმის პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე, თავად დეკანოიძემ ისაუბრა.

"მოგახსენებთ ფაქტს, რასთან დაკავშირებითაც მე ბრალდებული ვარ. 2009 წელს მე, როგორც არბიტრმა, კიდევ ორ არბიტრთან ერთად ცენტრ პოინტის წინააღმდეგ გადაწყვეტილება მივიღე. აღნიშნულ კომპანიას დაეკისრა 70-ათასლარიანი ჯარიმის გადახდა კომპანიის მიერ დაზარალებულის მიმართ. შემდეგ აღნიშნული გადაწყვეტილება კომპანიამ გაასაჩივრა, თუმცა სამოქალაქო სასამართლომ ჩემს მიერ მიღებული გადაწყვეტილება კანონიერად ცნო, რის საფუძველზეც ცენტრ პოინტი იძულებული გახდა, მოქალაქისთვის ზარალი აენაზღაურებინა. ახლა პროკურატურა ფიქრობს, რომ უკანონო გადაწყვეტილება მივიღე. 333-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულში მაქვს ბრალი წაყენებული", - განაცხადა დავით დეკანოიძემ.

დეკანოიძის განმარტებით, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება ნაკლებად მძიმე დანაშაულია და ადვოკატის უფლებამოსილების შეჩერებას არ ითვალისწინებს.

საქმის არსებითი განხილვა 18 იანვარს, თბილისის საქალაქო სასამართლოში გაიმართება.

კომენტარები