ოკუპირებული აფხაზეთი

ანქვაბმა ვეტო დაადო 2013 წლის ბიუჯეტის კანონპროექტს

ოკუპირებული აფხაზეთის ლიდერმა ალექსანდრ ანქვაბმა ვეტო დაადო 2013 წლის ბიუჯეტს და პარლამენტს უკან გაუგზავნა - იუწყება სააგენტო Апсныпресс-ი. 
სეპარატისტული რეგიონის პარლამენტმა ბიუჯეტი ჯერ კიდევ დეკემბერის ბოლოს დაამტკიცა. ანქვაბი უკმაყოფილო დარჩა საკანონმდებლო ორგანოს გადაწყვეტილებით, რომელმაც მთავრობის მიერ შეთავაზებული პროექტის პირვანდელი ვარიანტი შეცვალა. საქმე ეხება დაახლოებით 27 მილიონი აშშ დოლარის (840 მლნ რუბლი) ხარჯებს, რომელიც ოკუპირებულმა რეგიონმა დახმარების სახით რუსეთისგან უნდა მიიღოს. 
ბიუჯეტის პროექტის პირველად ვარიანტში რუსული ფინანსური დახმარება არ იყო გადანაწილებული, დეპუტატებმა კი ეს თანხა ტოლ ნაწილებად გაჰყვეს ყველა რაიონსა და ქალაქ სოხუმზე.
„ჩვენ ასეთი წინადადებით პარლამენტში არ შევსულვართ“, - განაცხადა ანქვაბმა 8 იანვარს და იქვე დასძინა, რომ ამ ეტაპზე შეუძლებელია 840 მილიონი რუბლის ყველა ტერიტორიულ-ადმინისტრაციულ ერთეულზე გადანაწილება. მისი თქმით, აფხაზურ-რუსული მთავრობათაშორისი კომისია იანვრის ბოლოს უნდა შეიკრიბოს, რათა განსაზღვროს ამ დახმარების განაწილების საკითხი.

კომენტარები