მთავარი პროკურატურა

პროკურატურა ადეიშვილისთვის პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს მიმართავს

იანვარს საქართველოს მთავარმა პროკურატურამ თბილისის საქალაქო სასამართლოს ზურაბ ადეიშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობის შეფარდების შუამგომლობით მიმართა - ამის შესახებ პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. პროკურატურა სასამართლოში ითხოვს, მოქმედება შეუჩერდეს ადეიშვილის სახელზე გაცემულ სამ დიპლომატიურ, ასევე საქართველოს მოქალაქის პასპორტს.

განცხადებაში მოყვანილია ის გარემოებები, რომელთა გამო პროკურატურა ზურაბ ადეიშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობის შეფარდებას ითხოვს:

„ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლით დადგენილია ოთხი საფუძველი, რომლითაც შეიძლება გამართლდეს პირისათვის პატიმრობის შეფარდება. ფაქტობრივად იგივე საფუძვლებია გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 205-ე მუხლის პირველი ნაწილით, რომლის თანახმად „პატიმრობა, როგორც აღკვეთის ღონისძიება, გამოიყენება მხოლოდ მაშინ, თუ ეს ერთადერთი საშუალებაა, რათა თავიდან იქნეს აცილებული: 'ბრალდებულის მიმალვა და მის მიერ მართლმსაჯულების განხორციელებისათვის ხელის შეშლა; ბრალდებულის მიერ მტკიცებულებათა მოპოვებისათვის ხელის შეშლა; ბრალდებულის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენა'. განსახილველ საქმეზე ბრალდებულ ზ. ადეიშვილის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით დაპატიმრების გამოსაყენებლად სახეზე გვაქვს ზემოთ მითითებული სამივე გარემოება“.

შს სამინისტროს მონაცემებით, ადეიშვილმა საქართველოს საზღვარი 2012 წლის 2 ოქტომბერს გადალახა და უკან არ დაბრუნებულა, მისმა მეუღლემ და შვილებმა კი ქვეყანა 19 ნოემბერს დატოვეს. პროკურატურის განცხადებით, ბრალდების შესახებ დადგენილება ადეიშვილის ადვოკატებს დადგენილი წესის მიხედვით ჩაბარდა, რის შემდეგაც შვიდი დღე გავიდა, თუმცა იუსტიციის ყოფილი მინისტრი „არიდებს თავს გამოძიებაში გამოცხადებას, რითაც აშკარად უშლის ხელს გამოძიებას და საქმეზე ჭეშმარიტების დადგენას“.

„მთავარი პროკურატურა მოითხოვს სასამართლომ ბრალდებულ ზურაბ ადეიშვილის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შერჩევისას, მხედველობაში მიიღოს მის მიერ ჩადენილი დანაშაულისა და ბრალდების განსაკუთრებული სიმძიმე და სახელმწიფოს საერთაშორისო ვალდებულებები, რომლებიც საქართველომ იკისრა წამებისა და არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის აღკვეთის თაობაზე გაერთიანებული ერების ორგანიზაციისა და სტრასბურგის აქტებით.

მთავარი პროკურატურა მიიჩევს, რომ ადეიშვილის ბრალდების საქმის კონკრეტული და სპეციფიური გარემოებების, მისი პიროვნების, საქმიანობის, ყოფილი მაღალი თანამდებობრივი სტატუსის, სახელმწიფოსთან არსებული და დარჩენილი კავშირების, ასევე მისი კავშირების ქვეყნის შეიგნით და ქვეყნის გარეთ, მისი გადაადგილების თავისუფლების, მისი ბრალდების შესახებ ინფორმირებულობის მაღალი ხარისხის და მისი როგორც ყოფილი იუსტიციის მინისტრის თანამდებობრივი მოვალეობების ბოროტად გამოყენების გათვალისწინებით, არსებობს ბრალდებულ ზურაბ ადეიშვილის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებისა და მის სახელზე გაცემული დიპლომატიური პასპორტების და საქართველოს მოქალაქის პასპორტის მოქმედების შეჩერების აბსოლუტურად დასაბუთებული, სამართლიანი და კანონიერი გარემოებები“ - ნათქვამია განცხადებაში.

 

 

 

 

 

 

საჯარო რეესტრის მონაცემებით, 2013 წლის 04 იანვრის მდგომარეობით, ზ.ადეიშვილის სახელზე საქართველოში ოფიციალურად არ ირიცხება არანაირი უძრავი ქონება. მაშასადამე, იმის მხედველობაში მიღებითაც, რომ ზ. ადეიშვილმა გაიყვანა მისი ცოლშვილი საქართველოდან და მათი ადგილსამყოფელი უცნობია, შეგვიძლია ვამტკიცოთ, რომ ზ.ადეიშვილს საქართველოში ყოფნის და/ან დაბრუნების მოტივაციები არ გააჩნია.

მხედველობაშია მისაღები ის გარემოება, რომ ზ. ადეიშვილს მრავალი წლის განმავლობაში საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებაში ეკავა არაერთი უმაღლესი თანამდებობა, რის გამოც მას გააჩნია ფართო და მნიშვნელოვანი კავშირები როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ონფორმაციით ზ. ადეიშვილის სახელზე გაცემულია სამი დიპლომატიური პასპორტი, რომლეთა მოქმედების ვადა არ ამოწურულა.

დიპლომატიური პასპორტების გაცემისა და სარგებლობის წესი რეგულირდება საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 17 ნოემბრის #941 ბრძანებულებით

საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 12 ოქტომბრის #944 ბრძანებულებით ცვლილება შევიდა ზემოაღნიშნულ ბრძანებულებაში და საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, დიპლომატიური პასპორტით სარგებლობის უფლება შეუნარჩუნდა ზოგიერთ პირს თანამდებობიდან გათავისუფლების ან უფლებამოსილების ვადის გასვლიდან 1 წლის განმავლობაში.

ბრალდებული ზ. ადეიშვილი, როგორც საქართველოს იმჟამინდელი იუსტიციის მინისტრი წარმოადგენდა სწორედ იმ თანამდებობის პირს, 2012 წლის 12 ნოემბრის ცვლილების თანახმად შეუნარჩუნდა დიპლომატიური პასპორტის მოქმედების ვადა მისი უფლებამოსილების ამოწურვიდან დამატებით 1 წლის განმავლობაში.

საქართველოს შესაბამისი უწყებების ოფიციალური მონაცემებით ზ. ადეიშვილის მფობელობასა და სარგებლობაში ამჟამად არის 3 დიპლომატიური პასპორტი და ერთი საქართველოს მოქალაქის პასპორტი. დიპლომატიური პასპორტები მას აძლევს საშუალებას ისარგებლოს დიპლომატებისათვის დადგენილი უცხო ქვეყანაში შესვლის გამარტივებული პროცედურებით და პრივილეგიებით და საქართველოს ფარგლებს გარეთ გადაადგილდეს საბაჟო და სასაზღვრო კონტროლის გავლის გამარტივებული პროცედურებით.

სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს, რომ დაპატიმრებულ და სხვაგვარად თავისუფლებაშეზღუდულ პირთა დაცვის გაძლიერება და მათი უფლებების პატივისცემა წარმოადგენს ყველა სახელმწიფოს საერთო მოვალეობას და ამგვარი პირების მიმართ სასტიკი, არაადამიანური, ან დამამცირებელი მოპყრობა წარმოადგენს ადამიანის უფლებათა სერიოზულ დარღვევას.

მთავარი პროკურატურა მიიჩევს, რომ ადეიშვილის ბრალდების საქმის კონკრეტული და სპეციფიური გარემოებების, მისი პიროვნების, საქმიანობის, ყოფილი მაღალი თანამდებობრივი სტატუსის, სახელმწიფოსთან არსებული და დარჩენილი კავშირების, ასევე მისი კავშირების ქვეყნის შეიგნით და ქვეყნის გარეთ, მისი გადაადგილების თავისუფლების, მისი ბრალდების შესახებ ინფორმირებულობის მაღალი ხარისხის და მისი როგორც ყოფილი იუსტიციის მინისტრის თანამდებობრივი მოვალეობების ბოროტად გამოყენების გათვალისწინებით, არსებობს ბრალდებულ ზურაბ ადეიშვილის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებისა და მის სახელზე გაცემული დიპლომატიური პასპორტების და საქართველოს მოქალაქის პასპორტის მოქმედების შეჩერების აბსოლუტურად დასაბუთებული, სამართლიანი და კანონიერი გარემოებები.

 

კომენტარები